“ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ რუსი მომღერლის, ლევ ლეშენკოს საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ და ამის შესახებ “პირველად ესმით”. მომღერალზე, რომელიც “აფხაზეთის დამოუკიდებლობას” აფხაზურად უმღეროდა ინფორმაციას არც საგარეოში ფლობენ.
“კანონმდებლობის შესაბამისად თუ არის შემოსული ერთი საკითხია, არ ვიცი…მართლა არ ვიცი, პირველად მესმის”,- თქვა დავით ზალკალიანმა.
ჩვენთან საუბრისას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ასეთი ინფორმაცია არ აქვს და ოკუპაციის კანონის ყველა დამრღვევზე რეაგირება ექნებათ.
რუსი მომღერლის, ლევ ლეშენკოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა.
როგორც ნიკა გვარამიამ თქვა, ლეშენკოს ბიძინა ივანიშვილი, ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია მასპინძლობენ.