“ეს ფაქტები ძალიან ცუდი ამბისკენ მიდის. კიდევ ვინმეს მოკლავთ, თუ ასე გაგრძელდა” – ასე ეხმაურება “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ვახო სანაია “მთავარი არხის” ჟურნალისტზე მორიგ თავდასხმას.
მისი თქმით, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს რას აკეთებს და ადამიანების სიცოცხლეზე არ უნდა ითამაშოს.
“ღარიბაშვილო და წულუკიანო, ორი დღის წინ კინაღამ მანქანით დაეტაკნენ ჟურნალისტებს, როცა რესპონდენტს წერდნენ. დღეს წყალი გადაასხეს კორპუსიდან, როცა რესპონდენტს წერდნენ.
აღარ ჩამოვთვლი, როგორ იქცევით თქვენ, როცა ძალადობრივი მოწოდებებით დაწყებული, მიკროფონის გაგაცებითა და ქუჩაში პლაკატების გაკვრით გაგრძელებული, პირადად მოუწოდებთ ჟურნალისტების მკვლელობისკენ ყოველდღიურად. დიახ, მკცლელობისკენ – იმიტომ, რომ ეს ფაქტები ძალიან ცუდი ამბისკენ მიდის. კიდევ ვინმეს მოკლავთ, თუ ასე გაგრძელდა.
გამაოგნებელია, რომ ლექსოს მკვლელობა არ გეყოთ. ნუ ეთამაშებით ადამიანების სიცოცხლეს. ვიღაცის შვილები, დედები, მამები, დები და ძმები არიან ! დაფიქრდით, რას აკეთებთ !
კიდევ მოკლავთ ვინმეს !” – წერს ვახო სანაია.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, იმ დროს, როცა “მთავარი არხის” ჟურნალისტი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი კაპანაძესთან ინტერვიუს წერდა, კორპუსიდან წყალი გადაასხეს. მოგვიანებით, ამავე კორპუსში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ ალბათ წყლის გადასხმას იმსახურებს, რადგან ყ****ად ცხოვრობს.