ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე მეტრონომთან ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასა და მასზე საერთაშორისო რეაქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ დოკუმენტზე საუბრობენ ადამიანები, რომელთაც ხელშეკრულებისთვის ხელი არ მოუწერიათ.
კახაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ ხელშეკრულება პირნათლად შეასრულა.
“დიდი მადლობა ასეთი გულშემატკივრობისთვის [აშშ-ს საელჩოს], როგორც გვიდგანან გვერდზე. მე ვფიქრობ, ამ ხელშეკრულებაზე ხელის არ მოწერა უფრო გულსატკენი იყო, იგნორს აკეთებდნენ ადამიანები, ფეხებზე დაიკიდეს ხელშეკრულება, ეს იყო იმათი უპატივცემულობა. რომელ ხელშეკრულებაზე გველაპარაკებიან, რომელშიც არ მონაწილეობდნენ? მაგათმა [ნაციონალებმა] სარგებელი მიიღეს ამ ხელშეკრულებიდან. ერთი გამოვიდა პატიმრობიდან, მეორე გამოვიდა, საარჩევნო კოდექსი მიიღეს, ის მიიღეს, ყველაფერი მიიღეს ისე, რომ რამდენიმე ადამიანის გარდა, ხელი არავის გაუნძრევია. ხელარმოწერილ დოკუმენტზე რომ ადამიანი ამბობს, ხელშეკრულებიდან გავიდნენო, ლოგიკა სად არის ამაში? ხელშეკრულება ხომ არ არსებობდა? ეს იყო ერთ მხარეს აღებული ვალდებულება, რომელიც პირნათლად შეასრულა ხელისუფლებამ. 35-მა თუ 37-მა დეპუტატმა არ მოაწერა ხელი დოკუმენტს – აბა, სად არის ოპოზიციის ხელმოწერა? ამ ყველაფერზე ვიცი კრამერი რას იტყვის, ვიცი კინზინგერი რას იტყვის. საელჩოც ვიცი რას იტყვის. საქართველო უყვარს საელჩოს და სტრატეგიული პარტნიორია – იტყვის აბა, რა. შენ რომ შენი შვილი გიყვარს, ძმა რომ გიყვარს, ზოგჯერ ხომ ეტყვი, რომ მე ვფიქრობ, ეს სწორი არ არისო. ხელშეკრულებაში დადებული დადებული რომელი პირობა არ შეასრულა ხელისუფლებამ? ერთი მითხარი. რაც შეეხება 43%-იან ბარიერს, ეს არ იყო დაპირება, ეს იყო იმის აღნიშვნა, რომ ეს პროცენტი საფრთხის შემცველი არ არის”, – აცხადებს კახაძე.
მისი თქმით, რადიკალურ და დესტრუქციულ ოპოზიციას მხოლოდ რევოლუციური გზა სურს.
“არაფერ კონსტრუქციულზე არ მოდიან, არაფერი კონსტრუქციული არ უნდათ, მაგათ მარტო რევოლუციური გზა უნდათ. ამერიკელებმა ხომ გაიგეს ეს, ევროკავშირმა ხომ გაიგო, მიშელი მაგათ [ენმ-ს] რომ შეხვდა, გაკვირვებული გამოსულა კაცი, ეს ვისთან მქონია საქმეო. მიშელს როგორ ახსენებენ ეგენი, მიშელის დოკუმენტზე ხელი არ მოაწერეს. ამერიკელებს როგორ ახსენებენ, რომელთაც უთხრეს ხელი მოაწერეთო და არ მოაწერეს, როგორ ახსენებენ საერთოდ ამერიკას. მაგათ სხვა გზა უნდათ და სხვა გზა არ არ გამოვა. წყალს და მეწყერს წაუღია ყველაფერი თუ ქვეყნის სტაბილურობა დაინგრა. სულ სტაბილურობას ებრძვიან, რადგან რუსეთს არ აწყობს საქართველოში სტაბილურობა, ერთადერთს. ვინც ამას ებრძვის, ყველა რუსის დამკვეთია, რუსი უკვეთავს ამას. რამდენჯერ ავხსნა ეს. დემოგრაფიულ მაჩვენებელზე აბორტმახერები არ უნდა ლაპარაკობდნენ, დამთავრდა. კაცის კვლაზე გამეცადინებული ადამიანი, კაცის დაბადებას ვერასდროს აღიქვამს, არ იცის მაგან. მაგათ მარტო სიკვდილი იციან და ქვეყნის სიკვდილს მაგათ არ გადავაყოლებინებ”, – აცხადებს კახაძე.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტიდან გადის. ასევე ქართული ოცნების კეთილი ნება იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც. შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 43% ვერ აიღებებდა თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.
აშშ-ს საელჩო საქართველოში ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმებას ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ “ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას. ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის ასთხუთმეტმა პარლამენტარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს. ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო”.