მეგობარს რომ დაურეკა, ისმოდა კივილი, ყვიროდა, გამიშვით ხელიო, – ამის შესახებ თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ტურისტის მეგობრები ყვებიან.
სახლიდან, მთაწმინდიდან, დაახლოებით 15:33 საათზე გავიდა. დაახლოებით ერთ საათში მეგობრებს დაურეკა უცხოეთში. ყვიროდა, ამბობდა რომ თავს დაესხნენ და შველას ითხოვდა… ისმოდა კივილი, ყვიროდა, გამიშვა ხელიო და ეს არის რაც ვიცით, – ამბობენ მისი მეგობრები.
ისინი 31 წლის შანე ბრუკის კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ, რომელიც არსებული ინფორმაციით, ვიდეოკამერებმა ბოლოს გუშინ, 30 ივლისს, თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს.
ავსტრალიელი შანაი ბრუკის დაკარგვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. პროცესში მონაწილეობს 100-მდე მეხანძრე-მაშველი.