ოზურგეთის ყოფილი მერი, ბეგი სიორიძე ამტკიცებს, რომ ავთანდილ თალაკვაძის გამარჯვების შემთხვევაში ის სამართლიანობა აღდგება, რომელსაც “ოცნების” ამომრჩეველი 4 წლის განმავლობაში ითხოვდა. სიორიძე ვრცელ პოსტში, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა, ხალხს თხოვს, რომ გამარჯვების საშუალება მისცენ:
“მეტად ნამდვილად აღარ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას იმ ადამიანებთან, რომლებსაც უჭირთ საღი აზრის გათავისება და შესაბამისად უჭირთ სწორი გზის არჩევაც. 2017 წლის არჩევნებზე საუბარს აქ არ ვაპირებ, ოღონდ გულწრფელად გეტყვით, რაშიც იმედია დამეთანხმებით: ჩემზე მეტად მადარდებდა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც დაიჩაგრნენ იმისთვის, რომ მხარს მე ანუ ქართული ოცნების კანდიდატს უჭერდნენ. დიახ, ეს სამწუხარო რეალობაა ოზურგეთში და ვიცით კარგად ამის შესახებ.
ეხლა კარგად მომისმინეთ: მე მხარს ვუჭერ ავთანდილ თალაკვაძეს იმისთვის, რომ მას უამრავი სიკეთე უკეთებია თავისი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ოზურგეთისთვის. მხარს ვუჭერ კიდე იმისთვის, რომ მისი სახით ოზურგეთს ეყოლება მაგარი მერი, ძლიერი მენეჯერი და კიდე ბევრი რამისთვის. მაგრამ იცით კიდევ ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მისი მხარდაჭერისა რაში გამოიხატება? სწორედ მისი გამარჯვების შემდგომ იქნება შესაძლებელი იმ სამართლიანობის აღდგენა ოზურგეთში, რომელზეც უკვე ოთხი წელია ვსაუბრობთ. გთხოვთ, კარგად გაანალიზეთ ყველა ეს ფაქტორი და მოგვეცით საშუალება იმისა, რომ თითოეულ თქვენთაგანს გხედავდეთ გამარჯვებულს, რაც დამერწმუნეთ ერთობ მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის. კარგად მიცნობთ და იცით, გალამაზებული სიტყვებით საუბარი არავისთან (განსაკუთრებით თქვენთან) არ მჩვევია. სხვა შემთხვევაში მეც ნუღარ გამკიცხავთ, თუკი თქვენს გამო ხელი შემეშალოს თქვენს გამარჯვებაში. გისურვებთ წარმატებებს და სწორი არჩევანის გაკეთებას” _ წერს სიორიძე.