“ვაქცინა არის ფიზიკური გადარჩენის წამალი, ჩვენ ვართ ომში, რომლის წინა ხაზზეც სასულიერო პირები კი არ ვდგავართ, არამედ ექიმები დგანან და თუ გვინდა მათთან ერთად ვიბრძოლოთ და გამარჯვებულები გამოვიდეთ ამ ომში, ჩვენ მათ უნდა მოვუსმინოთ და მათი რჩევები გავითვალისწინოთ. ექიმებს კი არაერთხელ უთქვამთ, რომ კოვიდინფექციასთან ბრძოლაში გამოსავალი არის აცრა, ვაქცინა და ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს, რადგან ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პანდემიების დროს ყველაზე დიდი გამოსავალი იყო ვაქცინა, დღესაც ასეა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის 99%-ს აცრა აქვს გაკეთებული და რატომ გახდა ეს ახლა პრობლემა, რატომ ვერ უნდა გავუგოთ ექიმებს? თუკი ვსაუბრობთ ანტიქრისტესა და ჩიპების შესახებ, ეს არ ეხება ვაქცინას, არამედ ჩიპი და ანტიქრისტეს საქმიანობა არის იმ ადამიანების ქმედება, რომლებიც თავისი გონებით და საქმეებით ქრისტეს საწინააღმდეგო ქმედებებს სჩადიან, ქრისტე კი ჩვენ გვასწავლის, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი და გავუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს, სულიერსაც და ფიზიკურსაც. სულიერი, რა თქმა უნდა, აღმატებულია, მაგრამ ფიზიკურს არ უარყოფს ქრისტიანობა, რადგან ამ ქვეყნად მარტო სული კი არ დაბადებულა, არამედ ადამიანი სულს და ხორცს შეადგენს, ხორციელადაც მოვედით ამ ქვეყნად, ღვთის ხატები ვართ და ღმერთი გვავალდებულებს, რომ ფიზიკურ ცხოვრებასაც გავუფრთხილდეთ. ექიმი თუ გეუბნება, რომ შენ თუ ამ წამალს არ დალევ, მაშინ მოკვდები, არავის აქვს იმის უფლება წამალი არ დალიოს, რადგან ეს ნიშნავს, რომ თვითმკვლელობაზე მიდის. ჩიპთან ვაქცინას არანაირი კავშირი არ აქვს”, – თქვა მეუფე საბამ.