ორსულები კორონავირუსის მთავარი რისკ ჯგუფი ხდებიან. ბოლო ტრაგიკული ფაქტების შემდეგ მედიკოსები გადაჭრით ამბობენ – ინდური შტამი ფეხმძიმობის პერიოდში ორგანიზმს მარტივად ერევა, თუ პაციენტი აუცრელია.
კოვიდ 19-მა დღევანდელი სტატისტიკით 10 ქალი შეიწირა, მაგრამ არსებობს სხვა სტატისტიკაც, რომლის გამოც ეპიდემიოლოგები სრული რესურსების მობილიზებას სწორედ ამ მიმართულებით ახდენენ.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია და გადარჩენისთვის იბრძვის 60-მდე ორსული ქალი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია არადა მედიკოსები არაერთ მსოფლიო მასშტაბის კვლევაზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ კოვიდსაწინააღმდეგო აცრა, განსაკუთრებით კი ფაიზერის ვაქცინით, არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს არც ქალზე და არც ნაყოფზე.
ორსულთა ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის გამო, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში სამეანო-გინეკოლოგიურ საწოლებს ამატებს, მკურნალ ექიმებს კი ორსული პაციენტების ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.