ცესკოში საარჩევნო ოქმების საბოლოო განხილვა მიმდინარეობის დროს, ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ხათუნა გოგორიშვილი, ოთარ კახიძე და ლევან თარხნიშვილი კითხვაზე პასუხის გაცემას ითხოვენ – ამ წუთებში ცესკოში საოლქო შედეგების შეჯამება მიმდინარეობს თუ საუბნო შედეგების? ცესკოს ხელმძღვანელი ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს:
“კითხვაზე პასუხი გაეცით საზოგადოებას – საოლქო შედეგებს თუ საუბნო შედეგებს აჯამებთ? ეს კითხვა აღმოჩნდა ცესკოში ხმაურისა და დაძაბულობის მიზეზი. თამარ ჟვანია პასუხობს, რომ შედეგები ჯამდება, თუმცა საუბნო შედეგებია ამ ოქმებში ასახული, თუ საოლქო შედეგები, ცესკოს ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს.
გოგორიშვილის კითხვას კომისიის გაღიზიანება მოჰყვა. თამარ ჟვანიამ პროცედურულად გოგორიშვილის გაძევების საკითხი დააყენა, რომელსაც კომისია სრული შემადგენლობით დათანხმდა.
დაგიფასებენ ქალბატონო თამარ ჩემს გაძევებას, დაგიფასებენ. თუმცა როგორ გამაძევებთ ვნახოთ – ასე მიმართა ხათუნა გოგორიშვილმა თამარ ჟვანიას.
“პარლამენტის წევრი ვარ, ხელის მოკიდების უფლება არ გაქვთ, როგორ გამაძევებთ, ვნახოთ, გელით” – განუცხადა კომისიას გოგორიშვილმა.
სიტყვა გადაეცა ლევან თარხნიშვილს, რომელმაც გოგორიშვილის მიერ დასმული კითხვა თამარ ჟვანიას გაუმეორა, თამარ ჟვანიამ თარხნიშვილს ასე უპასუხა: “ოლქ-ოლქ იარე.
თამარ ჟვანია თარხნიშვილს საოლქო საჩივრების განხილვისკენ მოუწოდა. თუმცა კვლავ არ დაუკონკრეტებია ოლქის შედეგების დათვლა მიმდინარეობს თუ საუბნო შედეგების.