ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ხმების გადათვლას არ დათანხმდება და მისი მოთხოვნა კვლავ არჩევნების ხელახლა ჩატარებაა.
“დღევანდელ ვითარებაში ხმების გადათვლა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს სჭირდებოდეს თავის ტვინზე ოპერაცია და მას ამოვაცალოთ აპენდიციტი. არაფერ შუაში არ არის ხმების გადათვლა არჩევნების შედეგების გაბათილებასთან, რომელიც მასობრივად გაყალბდა და არავითარი გადათვლა ამ საქმეში არ იქნება მკურნალი და წამალი”. – თქვა შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების II რაუნდი იმართება. ოპოზიციის წარმომადგენლები ადგილზე უკვე მივიდნენ. ისინი მმართველი გუნდის მხრიდან “კონკრეტულ წინადადებებს” ელოდებიან.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების პირველი რაუნდი 12 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრაში ოპოზიციური პარტიების და ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩის შუამავლობით.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.
ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
ამ მოთხოვნით უკვე 2 საპროტესტო აქციაც გაიმართა. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. მორიგი საპროტესტო აქცია დღეს14 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან იგეგმება.