საქართველოში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სასწავლო წელი 15 სექტემბერს, დისტანციურ ფორმატში იწყება, – ასეთია მთავრობის გადაწყვტილება, თუმცა საინტერესოა, ამ შემთხვევაში, მიიღებენ თუ არა პირველკლასელები კუთვნილ კომპიუტერებს ან რა ფორმით მოხდება ტექნიკის გადაცემა ბავშვებისთვის?
ამ კითხვებით, Etaloni.ge-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ პირველკლასელთათვის კუთვნილი ბუკები უკვე შეისყიდეს, რაც შეეხება პირველკლასელებითვის მათი გადაცემის ფორმას, ამ საკითხზე სკოლა დაუკავშირდება მშობელს და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შესაძლებელი იქნება ნივთის სკოლიდან გატანა.
– ყველა პირველკლასელს გადაეცემა ბუკები?
– თუ მშობელს მოსწავლე საჯარო სკოლაში ჰყავს დარეგისტრირებული ამ შემთხვევაში გადაეცემათ პირველკლასელებს ბუკები.
– სწავლა დისტანციურად იწყება, ტექნიკას რა ფორმით გადასცემთ ბავშვებს?
– მშობელს ან მინდობილ პირს, ვინც ბავშვზეა პასუხისმგებელი, დაუკავშირდება მასწავლებელი, თუ როდის უნდა მივიდეს სკოლაში კუთვნილი წიგნებისა და ბუკის წამოსაღებად; ასევე გააცნობენ ინსქტრუქციას, როგორ უნდა გაიტანოს ნივთი. შესაძლოა ცალ-ცალკე გაატანონ წიგნები, შეიძლება – ერთად. ამას თავად სკოლა გადაწყვეტს.
– ბუკის გამოსატანად აუცილებელია მშობელთან ერთად ბავშვის სკოლაში მისვლა?
– ბავშვის მიყვანა აუცილებელი არ არის, შარშან მაგალითად მოსწავლეები არ მიუყვანიათ ნივთების გამოსატანად. ამას თავად სკოლა ეტყვის მშობელს, როდესაც ბუკებისა და წიგნების თაობაზე დაუკავშირდებიან.
რაც შეეხება სხვა მოსწავლეებს, მათაც მოუწევთ წიგნებისთვის სკოლაში მისვლა, ოღონდ, დიდი თავყრილობის ასაცილებლად, სკოლის ხელმძღვანელობა დაარეგულირებს საკითხს ისე, რომ სასწავლო წლის დასაწყისისთვის ყველა მოსწავლეს ჰქონდეს საჭირო სახელმძღვანელოები.