თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული ჯ.ქ. დამნაშავედ ცნო – ინფორმაციას გენპროკურატურა ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 30 ივნისს, ჯ.ქ.-მ, ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ძმას ჯ.ქ.-ს, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
ჯ.ქ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალად წარუდგინეს 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ქ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლის თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ინფო რუსთავი