როცა 1904 წელს დაიწყო რუსეთ-იაპონიის ომი, ,,ველური დასავლეთის” შოუს მენეჯერებმა ეს მაშინვე სათავისოდ გამოიყენეს – მოიწვიეს იაპონელი მსახიობები, რომლებიც ნაღდ სამუარებად გაასაღეს და თამაშდებოდა სცენები ამ ომიდან, მეტოქეებად გამოყვანილ იყვნენ `რუსი კაზაკები~, ანუ იგივე გურული მხედრები.
როგორც წესი, პუბლიკა იაპონელებს უჭერდა მხარს, ისევე როგორც ოფიციალური ამერიკა: ცნობილია, რომ როცა ომი დაიწყო თეოდორ რუზველტმა შვილს მისწერა – იაპონია ჩვენ თამაშს თამაშობსო.
ბრძოლის სცენა კი ასე თმაშდებოდა: არენაზე გამოდიოდნენ იაპონელები, მაყურებელი მათ გამაყრუებელი ტაშით და შეძახილებით ხვდებოდა, შემდეგ გურულების გუნდი ლუკა ჩხარტიშვილის თამადობით, მათ კი სტვენით ხვდებოდნენ, ამ შემთხვევაში გურულები ,,ცუდი ბიჭების” როლს ასრულებდნენ. ჩასაფრებული იაპონელები მათ ტყვიამფრქვევიდან ცეცხლს უხსნიდნენ და გურულების ერთი ნაწილი ,,კვდებოდა”, მეორე კი გარბოდა. მაყურებელი კმაყოფილი იყო. მარა, მათ ძალიან უკვირდათ როცა შოუს დასრულების შემდეგ მოსისხლე მტრებს, `კაზაკებს~ –გურულებს და იაპონელებს ერთად ტკბილად მოსაუბრეებს ხედავდნენ.