თედო სახოკია წერდა: …გურიას ერთ ხანს მეტად ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. ზოგნი, ვინც არ იცნობდნენ აქაურობას, ამბობდნენ: ბუნებაა ისეთი, ყაჩაღობა აქაურების დაბადებითვე თანდაყოლილი თვისებააო. გურული თუ არ სძარცვავს, თუ ვისმე ყელში არ უჭერს და არ აღრჩობს, ისე გული ვერ მოუსვენებსო. ყოველივე ამ ვითომ თანდაყოლილ თვისებით უნდა აეხსნათ, კმაროდა, გურულს მარცხად, სრულებით უნებლიედ, რაიმე კანონის საწინააღმდეგო დამართნოდა, მაშინვე ფეხზე დადგებოდნენ ყველანი: არიქა, შეთოკეთ, გაწკეპლეთ, ჩააგდეთ ბნელეთში, მზის სანთელს დაანატრეთ, ეგზეკუცია ჩაუყენეთ ოჯახშიო. არც კი დააცლიდნენ ბოდიში მოეხადნა დამნაშავეს. ისე გააბოროტებდნენ ლანძღვით, ისე თვალის დახამხამებაში შეჰლახავდნენ მის თავმოყვარეობას, მის წმიდათა-წმიდას, რომ კაცი იძულებული ხდებოდა ფირალად გავარდნილიყო, გურული ფირალი უკანასკნელი სისტემის თოფს იყიდდა, პატრონებით დაიტვირთებოდა და გავარდებოდა. საგანი გავარდნისა ორი ჰქონდა: ერთი _ შური ეძია შეურაცხმყოფელთა, და მეორეც _ თავი დაეფარა მდევნელთაგან…”