საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კიევი-თბილისის ბილეთი 2 ოქტომბრისთვის შეიძინა. ამის შესახებ სააკაშვილმა “ფეისბუქზე” ვიდეო მიმართვაში განაცხადა:
„სულ რამდენიმე დღე გვაშორებს ისტორიული რეფერენდუმის თარიღისგან. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუშვა გამონაკლისი და დააკვირდება ფორმალურად ადგილობრივი არჩევნების შედეგებს, მაგრამ ამით მათ თქვეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები. ეს არის ევროკავშირის ხელმძღვანელი შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ მიღწეული ხელშეკრულების შესრულების პროცესი. ესე იგი, ივანიშვილის მიერ საქართველოს შემდგომი მართვის თაობაზე რეფერენდუმი, უფრო სწორად, მისი მართვისგან ჩამოშორების თაობაზე.
ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და რეფერენდუმზე. ჩვენ ყველამ უნდა მივცეთ ხმა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ჩვენ ყველანი უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენ მიერ მოპოვებული გამარჯვება ამიტომ მე ვერ ვიქნები ამ პროცესში გვერდით. საქართველოს ბედი წყდება, გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. ამას არც ჩემთვის ვაკეთებ და მე არანაირი პირადი ამბიცია არ მამოძრავებს და არანაირი თანამდებობის სურვილი იმიტომ, რომ ნამდვილად არ ვაპირებ ამისთვის ბრძოლას, მაგრამ ვაპირებ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი. ვაპირებ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველო არა მხოლოდ დარჩეს მსოფლიო რუკაზე, არამედ დაუბრუნდეს სწრაფ განვითარებას და ეს სიღარიბე, გამოუვალობა, კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში, შეჩერდეს და საქართველოს გადაშენებისა და განადგურების პროცესი ერთხელ და სამუდამოდ შეჩერდეს. მე იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთმანეთს დავუდგებით გვერდში, ყველანი გავწევთ გვერდზე ყველა განსხვავებას, ჩვენ უნდა წავიდეთ ბოლომდე სრულ გამარჯვებამდე. შეხვედრამდე თბილისში!“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი კიევი – თბილისის ბილეთსაც აქვეყნებს.