“ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს”- ამ სათაურით სტატია გაზეთ “რეზონანსში” 2005 წლის 29 ივნისის გამოქვეყნდა, ის პოლიტიკოსისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ინტერვიუში, ახლა უკვე ყოფილი პარლამენტარი მაშინდელ პრეზიდენტს აკრიტიკებდა და აქცენტს მის პირად ცხოვრებაზე აკეთებდა. სტატიის გამოქვეყნებიდან 2 კვირაში გელაშვილს თბილის ცენტრში ნიღბიანები სასტიკად გაუსწორდნენ. ამ საქმეზე, წლების შედეგ, მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ამ საქმეში უკვე მსჯავრდებული სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ დრომდე არ ეთანხმება და ამბობს, რომ განაჩენი მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძის ჩვენებების საფუძველზე გამოიტანა.
სააკაშვილის მიმართ განაჩენია დამდგარი სანდრო გირგვლიანის საქმეზეც, რა დროსაც მან მსჯავრდადებულების შეწყალებით, ბრალდების მხარის მტკიცებით, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.
2006 წლის იანვარში სანდრო გირგვილიანი ოქროყანის ტყეში აწამეს, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. სასტიკ მკვლელობას წინ უძღოდა შარდენის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარში დაწყებული კონფლიქტი შს სამინისტროს მაღალჩინოსნებთან. იმ ღამეს შარდენზე ასევე იმყოფებოდნენ ვანო მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაია და დათა ახალაია.
სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის მოთხოვნის მიუხედავად, დააკავეს მხოლოდ შსს-ს 4 თანამშრომელი, რომლებიც შემდეგ თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა.
7 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შესვლა იმ საქმეებიდან ერთ-ერთია, რასაც მიხეილ სააკაშვილს გამოძიება ამ დრომდე ედავება. ყოფილი პრეზიდენტი ფიგურირებს 2007 წლის 7 ნოემბრის ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების დარბევის საქმეშიც, სადაც გამოძიების ინფორმაციით, არალეტალური იარაღი გამოიყენეს.
პროკურატურა ამბობს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებმა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს უკანონოდ ჩამოართვეს მთაწმინდის პარკი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და ტელეკომპანია “იმედი”.
კიდევ ერთი საქმე, რომელსაც 2014 წლიდან პროკურატურა სააკაშვილს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსს ედავება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვაა. გამოძიების ინფორმაციით, საუბარია 8 მილიონ 800 ათას ლარზე, რომელიც არამიზნობრივად დაიხარჯა.
ამ საქმეს ადვოკატებმა “პიჯაკების საქმე” დაარქვეს, თუმცა, ძვირადღირებული ერთი ქაშმირის პალტოს გარდა გამოძიება ამბობს, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურს სააკაშვილის გრიფით საიდუმლო ბრძანებით დაევალა პრეზიდენტის, მისი ოჯახისა და სტუმრების ყველა ხარჯის ანაზღაურება. მათ შორის იყო სააკაშვილის პირადი მასაჟისტის, დოქტორ დოროტის ვიზიტი საქართველოში.
საქმის მასალებში დევს სასტუმროებსა და მაღაზიებში გადახდილი თანხის ქვითრები. გასახდომი პროცედურების, გამაჯანსაღებელი ცენტრების, ვერტმფრენებისა და იახტების დაქირავების ხარჯები. თითქმის 16 ათასი ლარი დაჯდა ბრიტანელი მკერდით მხატვარი მერიდეტ ოსტრომის შავ-თეთრი ნახატი.
მიხეილ სააკაშვილი არცერთ ბრალს არ აღიარებს და მის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ქვეყანა 2013 წელს საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა. 27 სექტემბერს მან სოციალურ ქსელში კიევი-თბილისის ავიაბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა.
იმ შემთხვევაში, თუ ის თბილისში 2 ოქტომბერს ჩამოვა, გამორიცხული არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამისმა სამსახურებმა აეროპორტშივე დაიწყონ.