საქართველოს პირველი სახალხო დამცველი დავით სალარიძე მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მოუწოდებს, დაარწმუნოს ხელისუფლება არ გამოიყენოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საპატიმრო ღონისძიება.
დავით სალარიძის თქმით, ის დღეს სახალხო დამცველი რომ იყოს, აუცილებლად გაითვალისწინებდა იმ რთულ და დაძაბულ ვითარებას, რომელიც ამჟამად საქართველოშია შექმნილი და რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნად გაამძაფროს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ.
„ვფიქრობ სახალხო დამცველმა, როგორც ყველაზე ნეიტრალურმა და პოლიტიკურად არაანგაჟირებულმა ორგანომ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში, საჭიროა დაარწმუნოს ხელისუფლება, რომ ვითარების სახიფათო ესკალაციისა და აქედან გამომდინარე, შესაძლო მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით სააკაშვილის მიმართ საპატიმრო ღონისძიებების გამოყენებას თავი აარიდოს“, – განაცხადა დავით სალარიძემ.
მისივე განმარტებით, ამისთვის სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლები კანონმდებლობაში მოიძებნება. სალარიძე თვლის, რომ ამგვარი მიდგომით ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიეცემა საშუალება დაბრუნდეს საქართველოში და დაამტკიცოს მის მიმართ შერაცხული ბრალის უსაფუძვლობა, თუკი ასეთი არსებობს.
„ქვეყანას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში წარმართოს როგორც წინასაარჩევნო, ასევე პოსტსაარჩევნო პერიოდი“ – დასძენს საქართველოს პირველი სახალხო დამცველი დავით სალარიძე.