TI-ის იურისტი: პომპეომ სასამართლოს კლანზე იკითხა, როგორც ჩანს ინფორმირებულია

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს იურისტმა, გია გვილავამ განაცხადა, რომ საუბრის მთავარი თემა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები იყო.

მან მედიას განუცხადა, რომ მაიკ პომპეომ კითვა დასვა სისტემაში არსებულ გავლენიან პირებზე, ე.წ. კლანზე.

“ყველა გახმაურებულ საქმეზე, ყველა პროცესზე, ყველა უბედურებაზე, რაც სისტემას სჭირს, ვისაუბრეთ. ასევე, განვიხილეთ ის, თუ რა პერსპექტირები შეიძლება, ჰქონდეს მართლმსაჯულებას.

მან იკითხა სასამართლოში არსებულ კლანზე, როგორც ჩანს ინფორმირებულია, სჯერა, რომ კლანი არსებობს, ძალიან ცუდი ამბავია ეს მიხეილ ჩინჩალაძისთვის. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ადვოკატირება.

გარდა სისტემური პრობლემებისა, კონკრეტულ საქმეებზე იყო საუბარი, რომელიც მოვახსენეთ სახელმწიფო მდივანს. ეს იყო ე.წ. კარტოგრაფების, ანაკლიის, ფილიპ მორისის საქმე, სადაც დიდი კორუფცია იყო. ვისაუბრეთ, თუ როგორ წინაურდებიან ისინი, რომლებიც ამ საქმეების შემოქმედები არიან”, – განაცხადა გია გვილავამ.

იურისტი ამბობს, რომ მაიკ პომპეო შეხვდა არასამთავრობოების იმ წარმომადგენლებს, ვინც მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობს. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ს ყველაზე მეტად სასამართლო ანაღვლებს:

“სასამართლო არის ამ ქვეყნის სირცხვილი გარეთ”.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share