ახლა რა ფაქტიც გამომჟღავნდა ამაზე არიან გაგიჟებულები. არც ცდილობენ გაემიჯნონ იმას, რომ დღემდე გადანახული და გადამალული ჰქონდათ, სადღაც სეიფში შეკუჭული რუკა, რომლის თანახმადაც საქართველოს საზღვრები უნდა დადგენილიყო და ეს საზღვრები ვერ დადგინდა. საბედნიეროდ, ვერ მოხდა ბოლომდე იმის „გაპრავება“, რაც მათ უნდოდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყველაფერი გაამზადეს, ყველანაირი საფუძველი შექმნეს რათა ეს ტერიტორია, საქართველოს ტერიტორია და ქართული იდენტობის ერთ-ერთი სერიოზული კულტურული ძეგლი გადასცემოდა სხვა ქვეყანას.
მისივე თქმით, 2006-2007 წლებში რაც ხდებოდა, ეს წარმოუდგენელია მომხდარიყო „ნაცმოძრაობის“ და მისი ლიდერების ხელდასმის გარეშე და ამ ეჭვების საფუძველი თვითონ სააკაშვილმა გააჩინა.
„თავად მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა რაღაც თანხებზე. საერთოდ, ვინ ახსენებდა, ვის მოსდიოდა აზრად თავში რაღაც 70 – 80 მილიონის დასახელება. თვითონ გამოვარდა და პრევენცია გააკეთა, როგორც კი „იყნოსა“, რომ ეს თემა შეიძლებოდა გამსკდარიყო. ის, რაც დღეს მოხდა, მან ერთი კვირით ადრე იცოდა რაღაცეები, იმიტომ, რომ თანამონაწილეა, როგორც მინიმუმ პოლიტიკური დანაშაულის. შემდეგ, კონკრეტულ დანაშაულს გამოძიება თუ დაადგენს. ახლა გაგულისებული „ვაჟკაცურად“ იცავენ რაღაც თემას, რომელ თემაშიც აღმოჩნდა, რომ რუკა, რომლითაც 1996 წლის საქართველო-აზერბაიჯანის შეთანხმების თანახმად უნდა დადგენილიყო საქართველოს საზღვრები, თურმე ვიღაცას სეიფში ჰქონდა შეკუჭული და ინახავდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, 1938 წლის რუკის ასლით ჩანს, რომ სადავო ტეროტორია საქართველოს ეკუთვნოდა, თუმცა ყოფილმა ხელისუფლებამ ის აზერბაიჯანის ტერიტორიად გამოაცხადა.
„როდესაც რუკის ასლი გაქვს, ასლის მიხედვით ეს საქართველოს ტერიტორიაა და მერე განცხადებებს აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მინისტრი და ამბობს, რომ ეს სხვისი ტერიტორიაა, ტელევიზიით ოფიციალურ განცხადებებში უდასტურებს ამას მეგობარ ქვეყნას, ამის შემდეგ გასაოცარია, რომ ღალატზე აქეთ გველაპარაკებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.