ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
“ძალიან დიდია ცდუნება იმისა, რომ ლოგიკურად იქნეს განხილული მიმდინარე პერიპეტიები საქართველოს პატიმარი პრეზიდენტის შესახებ, მაგრამ სიტუაციის დელიკატურობიდან გამომდინარე, უმჯობესია ეს გააკეთოს მისმა ნდობით აღჭურვილმა ოფიციალურმა პირმა. პრეზიდენტის დაბრუნება საქართველოში წარმოადგენს პოლიტიკურ აქტს, რომელიც ასევე ლოგიკურად უნდა წამოადგენდეს კარგად ჩამოყალიბებული გეგმის ნაწილს. ამ გეგმის ეტაპობრივი გამჟღავნებაც, ე.წ. need to know პრინციპით, უნდა წარმოადგენდეს ნდობით აღჭურვილი პირის უფლებამოსილების ნაწილს. სხვანაირად წარმოუდგენელი იქნება ამ უაღრესად საშიშ სიტუაციაში ადეკვატური ლავირება და პოლიტიკურ-სამართლებრივი მოქმედებების მართებულად წარმართვა.
ამასთან, პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრული და უპირობო პასუხისმგებლობა ოფიციალურად ეკისრება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას. თუ რამდენად სერიოზულად აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა, ეს კარგად ჩანს მთავრობის ხელმძღვანელის საჯარო განცხადებებიდან და სპეციალური მიმართვებიდან. შესაბამისად, იმედის დამყარება იმაზე, რომ საქართველოს პოლიტიკური ოფიციოზი ადეკვატურად იმოქმედებს, ალოგიკურია და სახიფათო.
ამჟამად საფრთხე ექმნება არა მხოლოდ საქართველოს პატიმარი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არამედ საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო პრესტიჟსაც, ვინაიდან საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის იურიდიული, პოლიტიკური და ეთიკური დონე არ შეესაბამება და არ აკმაყოფილებს ჩანასახოვანი დემოკრატიის ბაზისურ პრინციპებსაც კი და ქვეყანა წარმოჩინდება როგორც გაუნათლებელი, პრიმიტიული დიქტატურა.
შესაბამისად, დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო გაერთიანებული ქართული ოპოზიციის პოლიტიკური ხელმძღვანელებისაგან, რომლებიც პატიმარი პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილ პირთან ერთად უნდა შეხვდნენ საქართველოს დე-ფაქტო მმართველსა და მის პოლიტიკურ გუნდს სიტუაციის უსწრაფესი დეესკალაციისათვის.
დრო არ ითმენს ქალბატონებო და ბატონებო! ამას უკვე როგორც ექიმი ვადასტურებ!” – წერს გურული.