რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, რასაც ორი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ირკვევა, რომ ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც ხანძრის შედეგად დაიღუპა, სამზარეულოში იყო დასაქმებული. რაც შეეხება მეორე დაღუპულს, ის სწორედ სამზარეულოში მყოფი პატიმრის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა გამოსვლა ვერც მან შეძლო.
გარდაცვლილები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე ციხის სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა. მომხდარზე პენიტენციურის სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში მხოლოდ ის იყო აღნიშნული, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.
პატიმრების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უწყებაში ცოტა ხნის წინ დაადასტურეს.