შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა შეხვედრები დაიწყო. ლოიდ ოსტინი ამ წუთებში თავდაცვის სამინისტროშია. ის ჯუანშერ ბურჭულაძეს ხვდება.
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ჟუნალისტების შეკითხვებს უპასუხობს. წინასწარი ინფორმაციით, განხილვის თემა უსაფრთხოების საკითხებია, თუმცა, დიდი ალბათობით, ,,ოცნების” ხელისუფლება ვერ გაექცევა კითხვებს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებას ეხება.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ,,ქართულ ოცნებას” მძიმე შეხვედრები ელოდება და არჩევნებამდე ათი დღით ადრე შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი იმის მანიშნებელია. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ჩვენს ქვეყანაში ამერიკის შეერტებული შტატების მწვავე განცხადებების ფონზე ჩამოვიდა.
ფრაქცია ,,ლელოს” წევრის, სალომე სამადაშვილის, განმარტებით, საქართველოს მთავრობასთან აშშ-ის ხელისუფლების მაღალჩინოსანს საუბარი ექნება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავისუფალი არჩევნები და პოლიტიკური ნიშნით დევნა.
ამერიკის თავდაცვის მდივანი საუბრობს პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხებზე, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა ეფუძნება საერთო ღირებულებებს. დასავლეთის მხრიდან არაერთხელ იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულების განხორციელების დასრულება ეს არის ის, რასაც ჩვენი პარტნიორები ელოდებიან.
რეალურად, ,,ქართულ ოცნებას” რომ სურდეს, გზა გაიხსნას ჩვენი ქვეყნისთვის დასავლეთისკენ, არ უნდა აძლევდეს საფუძველს ჩვენს მეგობრებს, რომ პრობლემები ჰქონდეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და პოლიტიკური ნიშნით დევნა – აღნიშნავს სამადაშვილი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის შემდეგ ლოიდ ოსტინი პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდება. ,,ქართული ოცნების” მტკიცებით, ეს ვიზიტი ამერიკის მხარდაჭერის დემონსტრირებაა.