,,მე, მაგალითად, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ, რომ გამოსულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან” – ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ქართველი ჟურნალისტებისთვის გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
კუბილიუსის განმარტებით მისთვის გაუგებარია მმართველი გუნდის რიგი პოლიტიკური ნაბიჯები, მათ შორის შარლ მიშელის ხელშეკრულებისადმი მათი დამოკიდებულება.
,,მე, მაგალითად, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ, რომ გამოსულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან. პოლიტიკური თვალთახედვიდან, ზოგადი პოლიტიკური თვალთახედვიდან, ეს იყო დიდი შეცდომა. შარლ მიშელი არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ის პირადად ჩაერთო ქვეყნის შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის პროცესში და მმართველმა პარტიამ მას უთხრა: „კარგი, ჩვენ არ გვჭირდები, წადი!“ ეს ის არ არის თუ როგორ უნდა ეძებდნენ ქვეყნები შესაძლებლობას, რომ გეგმა არსებულზე უკეთ შეასრულონ”, – განაცხადა კუბილიუსმა.
კუბილიუსი მოუწოდებს ,,ქართულ ოცნებას”, რომ თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, ცარიელი სიტყვების ნაცვლად, იმაზე მეტი საქმე უნდა აკეთონ ვიდრე შესაძლებელია.
,,მე მესმის ქართველი პოლიტიკოსების რეაქცია გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებზე, რომელიც მოდის ევროპარლამენტიდან, ეს ის არის, რასაც ზოგჯერ პოლიტიკოსები აკეთებენ, საკმაოდ პოპულარულია ევროკავშირშიც კი ყველაფერში ბრიუსელის დადანაშაულება. მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ინტეგრაცია, რეალური ინტეგრაცია და არა ცარიელი განცხადებები, თქვენ გადაჭარბებულად უნდა შეასრულოთ არსებული გეგმა. თქვენს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, თქვენს მინისტრებს, პარლამენტის წევრებს სჭირდებათ, რომ უკეთ იმუშაონ, რათა დაარწმუნონ და შექმნან დადებითი აღქმა ბრიუსელში, ინსტიტუციებს შორის და სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში ეს სწორედ ის არის, რაც მათ აკლიათ.”, – განაცხადა კუბილიუსმა.