ქართული ოცნების აქციის მონაწილეთა ნაწილი ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების მიმართ აგრესიულია.
ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც, ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ ბათუმიდან სამარშრუტო ტაქსით ჩამოიყვანა, მედიის საკუთრება დააზიანა – მან ტელეკომპანია პირველის მიკროფონის ღრუბელი სიგარეტით ამოწვა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე პოლიციელები იყვნენ, თუმცა მათ რეაგირება არ ჰქონიათ.
“მე პირად საქმეზე ვარ, რატომ ვარ “მარშრუტკებით?” ტყუილს ლაპარაკობ! შენ რა ნაგლი ხარ, ბიჭო?! [ფულის] გადამხდელის დედას შევე*ი და მერე ამღების, თქვენ რამდენს გიხდიან? აბა რატომ შემეკითხე? დავაწვავ ახლა”. – მიმართა მან ჟურნალისტს.
ასევე, აქციის მონაწილეთა ნაწილი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტებს, რომლებიც თავისუფლების მოედანზე მუშაობენ – მოქალაქეები მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ, ადგილის დატოვებისკენ მოუწოდებენ და ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ხელს კრავენ.
“წადით აქედან! რატომ და არ ხართ აქ საჭირო”. – მიმართა ფორმულას ჟურნალისტს აქციის ერთ-ერთმა მოქალაქემ.
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ფორმულას ჟურნალისტს ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გაგა ღამბაშიძემ. ჟურნალისტმა თქვა, რომ მას თან იმ მოქალაქეების სია ჰქონდა, ვინც მმართველ პარტიას აქციაზე უნდა ჩამოეყვანა.
“ჩვენ არავინ არ მიგვყავს, თვითონ გროვდებიან. სიები სად მაქვს, დაინახე სადმე? იმდენი შენი დედა ვა*ირე”. – უთხრა მან ჟურნალისტს.
დღეს, 27 ოქტომბერს ქართული ოცნება თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს. მმართველმა პარტიამ აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები რეგიონებიდანაც ჩამოიყვანა. აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ნახეთ – ალტერნატიული მარშრუტები.