ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, ამ ეტაპზე კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება. ტიკარაძემ უარყო ის დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 4 ნოემბრიდან ტრანსპორტის შეზღუდვა იგეგმებოდა.
“დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ეპიდემიური სიტუაცია ყურადსაღებია. შემთხვევებს დღიური მაჩვენებელი 4000-ის ფარგლებშია. ტიკარაძის თქმით, ოქტომბრის თვიდან ვირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება მეტად ლოკალიზებული იყო და იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინირებული მოსახლეობის წილი შედარებით მცირეა, მაგალითად იმერეთსა და კახეთში, გაზრდილია ინფიცირების შემთხვევები.
მინისტრი მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს.
საქართველოში კორონავირუსის 3 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 2 711 აცრა.