“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, “ქართული ოცნების” მიერ გუშინ გამოცხადებული არჩევნების შედეგები აბსურდულია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველმა გუნდმა არჩევნების მეორე ტურზე ყველაფერი იკადრა და ამით საბოლოო ჯამში, საკუთარ თავს “ძირი გამოუთხარა”.
“პრაქტიკულად არაფერია ისეთი აბსურდული, როგორც გუშინ, “ქართული ოცნების” მიერ დაწერილი თითქოს საარჩევნო შედეგები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, რეაგირება ჩვენი მხრიდან არის ადეკვატური, შესაბამისი იმ ვითარებასთან, რომელიც შექმნა “ქართულმა ოცნებამ”, რა არ იკადრა, რა არ მოიმოქმედა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბოლომდე ძირი გამოუთხარა საკუთარ თავს”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა უკვე მკაფიო გზავნილი მიიღეს, რომ “ოცნება” საარჩევნო წესით ცვლილებებს არ გეგმავს, მმართველ გუნდს ხალხის ნების პირისპირ დადგომა მოუწევს.
“მე ბიძინა ივანიშვილს ვუთხარი, ღარიბაშვილსაც, კობახიძეს და სხვებსაც, მათზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ, როგორ იმოქმედებს ქართველი ხალხი, საკუთარი ბედის მჭედლები თვითონ იქნებოდნენ. მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მიიღეს, შესაბამისად, ახლა, როდესაც ქართველმა ხალხმა მიიღო მკაფიო გზავნილი ხელისუფლებისგან, რომ საარჩევნო წესით არ გეგმავენ ცვლილებებს, იპარავენ არჩევანს, მათ მოუწევთ ქართველი ხალხის ნების პირისპირ დადგომა. რეჟიმი დამარცხდება, არავინ აპირებს უკან დახევას, სანამ ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება და მომპარავს ქურდი არ დაერქმევა”, – თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა და ამომრჩევლებს სამოქმედო გეგმა გააცნო. ისინი მომდევნო დღეებში სხვადასხვა ქალაქებში ჩავლენ, სადაც მათი თქმით, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, კვირას კი თავისუფლების მოედანზე მასშტაბურ აქციას გამართავენ.