ლანნჩხუთის მკვიდრი, 19 წლის ალექსანდრე ლომაძე გახლავთ ავტორი ახლად შექმნილი ინგლისურის გრამატიკისა – Gრამმარ Pრომოტერ. ფრიად ახალგაზრდა ასაკში საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმე წამოიწყო. ალექსანდრე ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის სასულიერო გიმნაზიის კურსდამდავრებულია და ამჟამად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. როგორც ამბობს, მისი შრომის შედეგი, უფრო უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე დასაწყისში წარმოედგინა. გთავაზობთ ინტერვიუს ამ საინტერესო ახალგაზრდასთან.
_ რატომ გადაწყვიტე, რომ ეს სახელმძღვანელო შეგექმნა?
_ მოგეხსენებათ, რომ პანდემიის პერიოდში მოგვიწია ონლაინ რეჟიმში სწავლა. თუმცა ერთი სემესტრის განმავლობაში მომიხდა უნივერსიტეტში ყოფნა. საკმაოდ აქტიურად ვიყავი სტუდენტურ ცხოვრებაში ჩაბმული, მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა კონფერენციებში. სიმართლე რომ გითხრათ, თავიდანვე არ მქონდა მხედველობაში წიგნის დაწერა, ბოლო წლის განმავლობაში, როცა ასე ონლაინ ვიყავით სახლში გამოკეტილები, მქონდა თავისუფალი დრო, რომელიც გამოვიყენე მაქსიმალურად სასარგებლოდ და დავიწყე მუშაობა ამ წიგნზე, ზუსტად ერთი წლის თავზე მოვრჩი მუშაობას. ტექნიკურად ჩემი ჩარევით გავაფორმე, როდესაც პროფესორებს გადავუგზავნე წიგნი, მათ ისეთი განწყობა ჰქონდათ, რომ გაოცებული და გაკვირვებული იყვნენ, ვინაიდან უნივერსიტეტში მხოლოდ მეორე შემთხვევა იყო დაფიქსირებული, როდესაც სტუდენტი წერს სახელმძღვანელოს.
_ რთული არ არის ეს ყველაფერი სტუდენტობასთან ერთად?
_ ჯერ კიდევ დიდი შრომაა წინ, სახელმძღვანელოს გამოცემა ასე მარტივი არ ჩანს, ერთია შრომა ჩავდე და ვეცადე მაქსიმალურად ყოფილიყო ყველანაირ თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი. ახლა დარჩა, რომ სახელმძღვანელოს გრიფი მიენიჭოს, შემდეგ გამოიცეს, რაც ფინანსებთან, დიდ დროსთან, ენერგიასთან არის დაკავშირებული და ვეცდები, რომ მაქსიმალურად იმ შედეგზე გავიდე, რაც თავიდან მქონდა დასახული. ვერ ვიტყვი, რომ მარტო წიგნით უნდა შემოვფარგლულიყავი, მქონდა სხვა იდეაც, თუმცა შეზღუდული ფინანსების გამო, ამ შემთხვევაში ვერ შევძელი სრულად დამეკმაყოფილებინა ჩემი მოთხოვნა.
_ ასეთი რა მოთხოვნა გქონდა?
_ წიგნთან დაკავშირებით მქონდა კიდევ ერთი იდეა – ონლაინ რესურსი, სადაც შევქმნიდი ვებსაიტს, რომელზედაც იქნებოდა იგივე აქტივობები, რაც წიგნშია მოცემული და ნებისმიერი შემსწავლელი შეძლებდა ონლაინ გაკეთებას, თუმცა ამ ეტაპისთვის მთავარი ისაა, რომ წიგნი მზა ფორმაშია, შემდეგ გამოცემებში კიდევ ახალი მასალა დაემატება, დაემატება რესურსები და ა.შ.
_ გრიფირებას რა დრო სჭირდება?
_უნივერსიტეტში საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა, რადგან მე როცა გადავუგზავნე პროფესორებს, მითხრეს, წიგნს აქვს იმის პოტენციალი, რომ უნივერსიტეტში დაიდოს სახელმძღვანელოდ, პირველკურსელებისათვის და ასევე სპეციალობა (მაინორი) ინგლისურ ფილოლოგიაზე, ერთ-ერთ ძირითად ლიტერატურად. რაც შეეხება გრიფს, დროში იწელება ეს პროცედურა, იმიტომ რომ, რეცენზენტები სჭირდება, საკმაოდ დიდი დაკვირვება უნდა, რომ სახელმძღვანელოდ მიიღონ, ისე ზოგადად მაქვს ახლაც შესაძლებლობა, რომ სტამბაში მივიტანო თვითონ მიანიჭონ გრიფი და დავბეჭდო შესაბამისად.
-სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის არის თუ აბიტურიენტებისათვის?
– სტუდენტებისთვის არ მქონდა თავიდან განზრახული, ძირითადად აქცენტი აბიტურიენტებზე მქონდა, ვინაიდან ვერ ვხედავდი მსგავს სახელმძღვანელოს ამ სფეროში, შესაბამისად ჩემი მიზანი იყო აბიტურიენტები და ზოგადად ენის შემსწავლელი მოზარდი, თუმცა რადგან აქვს წიგნს ეს პოტენციალი, ბუნებრივია, უკან არ დავიხევ და ვეცდები მაქსიმალურს, რაგორც არ უნდა დასჭირდეს ამას, რომ იგი უნივერსიტეტშიც იყოს ხელმისაწვდომი.
_ ენის ცოდნის რა დონიდან შეიძლება შესწავლა შენს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოთი, თუ ნებისმიერ დონიდან შეიძლება მისი გამოყენება?
_ ენაში სულ 6 დონეა, კატეგორიებს აღარ ჩამოვთვლი, შესაბამისად ყოველი დონიდან არის მოცემული მასალა ამომწურავად, თითოეული დონისთვის მაქვს გათვლილი და დალაგებულია თემები მარტივიდან შედარებით რთულისაკენ, სავარჯიშოებიც ამ პრინციპითაა მოცემული და შესაბამისად ნებისმიერ კურსზე შეიძლება გამოიყენებოდეს.
_ გარკვეულწილად პანდემიის დამსახურებაც ხომ არ არის ეს ამბავი, ბიზნესის ადმინისტრირებიდან ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოს შექმნამდე?
_ მთლად ასეც არაა, სტუდენტობის დასაწყისიდანვე მეორე სემესტრიდანვე დავიწყე მუშაობა ჩემი პროფესიით, ერთი წელი ვმუშაობდი უცხოური ფირმისთვის, ინგლისურ ენაზე ვწერდი სამი ქვეყნის ვებსაიტზე ბლოგებს ბიზნესთან დაკავშირებით, ასევე მქონდა დოკუმენტაციის ოფიციალურად თარგმნის, უცხოელ კლიენტებთან კონტაქტისა და ადგილობრივ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გაყიდვების წარმართვის ვალდებულება. ეს სამსახური დასრულებული არ მქონდა, როცა მეორე სამსახურიც ავიღე, ისიც ონლაინ, ერთ-ერთ ცენტრში ვმუშაობდი ინგლისურის მასწავლებლად, ერთი წლის თავზე გადავწყვიტე, რომ საკუთარი ცენტრი გამეხსნა ონლაინ.
_ ინგლისურ ენაში შენი პირველი მასწავლებელი ვინ იყო ?
_ ჩემი პირველი მასწავლებელი ვერიკო ურუშაძე იყო, ვისთანაც ვემზადებოდი და ვისთანაც ვისწავლე ინგლისური.
_ შენი სამომავლო გეგმები როგორია?
_ პირველი არის ის, რომ გაცვლით პროგრამებში მინდოდა მონაწილეობის მიღება და თავიდან რატომაც ეს უნივერსიტეტი ავირჩიე, ჩემი მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად მიმეღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში, თუმცა პანდემიური მდგომარეობის გამო ბევრმა ქვეყანამ შეწყვიტა დაფინანსება, შარშან მივიღე მონაწილეობა, თუმცა ბოლოს უარი ვთქვი. ორი უნივერსიტეტიდან მომივიდა მოწვევა: ერთი იყო საბერძნეთის, მეორე ბულგარეთის. ქვეყნები არ შეესაბამებოდა ჩემს მოთხოვნებს და უარი ვთქვი ბოლოს. წელსაც გავედი კონკურში, სადაც არ იყო ფართო არჩევანი, ისეთი უნივერსიტეტები იყო, სადაც ერთმანეთს არ ემთხვეოდა ჩვენი სასწავლო კურსები და აზრი არ ჰქონდა სასწავლებლად წასვლას სხვა პროფესიას ვეღარ ვისწავლიდი.
_ ანუ ელოდები ახალ შემოთავაზებას?
_ როცა იქნება შემოთავაზება ბუნებრივია, ენა მაძლევს მაგის შესაძლებლობას, გამოწვევები მიყვარს, სიახლეებიც მიყვარს. ასე რომ, არ იქნება პრობლემა.
მაქვს სამომავლოდ იდეები, რომ ბათუმში გავხსნა ცენტრი, მაგრამ ეს საკმაო ფინანსებთანაა დაკავშირებული, საჭიროა შესაბამისი ტექნიკა.
ერთ-ერთმა პროფესორმა აღნიშნა, რომ ძალიან მომწონს თქვენი გადმოცემის ხერხიო. წიგნში მოტანილია ისეთი აქტივობები, რომელიც უფრო გასაგებს ხდის და უფრო მარტივია აღქმისათვის და შესაბამისად დამეხმარა ტექნოლოგიებთან სიახლოე ამ ყველაფერში, რომ იგი ყოფილიყო ადვილად აღქმადი და არ ყოფილიყო რაღაც შაბლონური სტანდარტული და ა.შ. გარეკანზეც, დიზაინზეც და ტექსტზეც მე ვიმუშავე. არავის დახმარება არ მქონია ჯერ-ჯერობით. უბრალოდ რედაქტორებს გადავუგზავნე. ვერიკო ურუშაძე იქნება ერთ-ერთი რედაქტორი, ბათუმის უნივერსიტეტიდან იქნება კიდევ ერთი ლექტორი, ამჟამად მჭირდება რეცენზენტები, რომლებმაც უარი მითხრეს ჯერ-ჯერობით, მაგრამ ახლა ვაპირებ, რომ რექტორს მივმართო და შესაბამის სამსახურებს თავად დაავალებს. დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება დადებითი რეაგირება.
_ რას ეტყვი დღევანდელ ახალგაზრდებს?
_ ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ აუცილებლად იყვნენ ტექნოლოგიებთან ახლოს, არ ვგულისხმობ თამაშებს გართობას და ა.შ.
ესაუბრა მაია კუკულაძე
hodaara.ge