“თავისუფლება მიშას”-ბანერის გამო სასამართლომ ენმ-ის წევრებს გაფრთხილება მისცა

ოზურგეთის  რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე კაპანაძე), რომელიც  “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს: თათია ნიკოლაიშვილს, ბესო ქათამაძესა  და დავით მჟავანაძეს, ადმინისტრაციული შენობის იერსახის დამახინჯების მუხლით ედავებოდა, სამივე მათგანი სამართალდამრღვევად სცნო.

სხდომა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში დასრულდა.

მოსამართლე სამივე პირის მიმართ მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

ცნობისათვის, ოზურგეთის ახალი მოწვევის საკრებულოს სამმა დეპუტატმა და ოპოზიციური პარტიის წევრებმა, გურიის გუბერნიის შენობის მეორე სართულზე ბანერი–“თავისუფლება მიშას” მაშინ გადმოფინა, როცა გუბერნიის თანამშრომლები თბილისში, “ოცნების’ მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდნენ.

ამ წუთებში, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ბესო ქათამაძეს ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციის წინ მიხეილ სააკაშვილის მხარადამჭერი წარწერის -“თავისუფლება მიშას” გაკეთებას ედავებიან.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share