უკრაინელი ჟურნალისტმა, დიმიტრი გორდონმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკვე 20 კილოგრამი დაიკლო, თუმცა მხნედ არის.
გარდა ამისა, გორდონის თქმით, სააკაშვილს ციხის მცველებიც ცუდად ექცევიან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი აცხადებს, რომ თვითმკვლელობის უფლება ყველას აქვს.
გორდონი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მეტი უნდა გააკეთოს სააკაშვილის გამოსახსნელად და უკრაინაში დასაბრუნებლად.
“სააკაშვილის მდგომარეობა, მინუს 20 კილოგრამი, მეტყველება შეფერხებულია, მოძრაობა ნელი, კარგი განწყობა აქვს, მხნედ არის, მაგრამ როგორც ვიცი, უკიდურესად ცუდი მდგომარეობაა, ეს გამოიხატება სააკაშვილის მიმართ ციხის მცველების საშინელ დამოკიდებულებაშიც.
საქართველოს პრემიერმა საერთოდ განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს თვითმკვლელობის უფლება, მან რა თქმა უნდა, სააკაშვილი იგულისხმა, ანუ თავს თუ მოიკლავ კისერიც გიტეხია და სახელმწიფო წინააღმდეგი არ იქნება.
როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში პრემიერმინისტრმა თავს ამის თქმის უფლება მისცეს, რა სიველურეა ეს”,-თქვა დიმიტრი გორდონმა.
თვითმკვლელობასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა განცხადება იმედის ეთერში გააკეთა. პრემიერმინისტრმა თქვა: “კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას”.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 34-ე დღეა საკანში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
შეგახსენებთ, დიმიტრი გორდონი 27 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან გააბრუნეს.
მასთან ერთად, ქვეყანაში არ შემოუშვეს არც მისი მეუღლე, ასევე მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მოადგილესთან ერთად და ყაზახი ბიზნესმენი.
მანამდე კი აეროპორტიდან გააბრუნეს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი. პრობლემები შეუქმნეს უკრაინის ომბუდსმენსაც.