“ლიმონათით თუ შესაძლებელია ცხოვრება, მაშინ კობახიძეს მოვუწოდებ, რომ იცხოვროს ლიმონათით 1 კვირა მაინც” – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია საუბრობს.
როგორც მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა, იმ დროს, როცა მიხეილ სააკაშვილის “თირკმელები ასეთ მდგომარეობაშია, გადასხმაც დატვირთვაა ორგანიზმისთვის და კიდევ ლიმონათებს თუ ასმევენ, ე.ი. კლავენ პირდაპირი მნიშვნელობით”.
ლიმონათი არის გლუკოზა, მორჩა, მეტი არაფერი. გლუკოზას უსხავენ კიდევაც, გინდა ლიმონათის სახით მიიღოს გლუკოზა და გინდა გადასხმით, რა მნიშვნელობა აქვს. ლიმონათით თუ შესაძლებელია ცხოვრება, მაშინ კობახიძეს მოვუწოდებ, რომ იცხოვროს ლიმონათით 1 კვირა მაინც.
პირიქით, ლიმონათი იქნება ეს თუ სხვა, გლუკოზის ზედოზირება კიდევ უფრო მეტი საფრთხეა, ამდენი სითხის სმა სერიოზული საფრთხეა ასევე როგორც ექიმები ხსნიან იმიტომ რომ როცა თირკმელების პრობლემა არსებობს, თირკმელებმა უნდა გაატაროს მთელი ეს სითხე და ვერ გაატარებს, ცხადია. ეს შეშუპება მოდის სწორედ აქედან…
ლიმონათი იქნება ეს, ჩაი თუ წყალი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე კი არ ვადასტურებ ან უარვყოფ ამას, არც მიკითხავს… უკუეფექტი აქვს ამ ლიმონათს ეს არის მხოლოდ გლუკოზა, ეს არის სითხე, გაზიანი თუ მართლა სვამს, კიდევ უარესს უკეთებენ. გაზიანი სითხე, რომელიც კავდება ორგანიზმში.
თირკმელები ასეთ მდგომარეობაში რომ არის, გადასხმაც დატვირთვაა ორგანიზმისთვის და კიდევ ლიმონათებს თუ ასმევენ, ე.ი. კლავენ პირდაპირი მნიშვნელობით… მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ გადასხმებით, რომლითაც ჭყიპავენ, უბრალოდ ფუტლიარს გვინარჩუნებენ, რომელიც დადის და რომლის გონებრივი მდგომარეობაც ტვინის კვების ნაწილში არის პრობლემა სერიოზული…, – ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიას თქმითვე, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა და მან დღეს წერილიც ვეღარ დაწერა.
ფეხზემდგომია, მაგრამ უკვე კარგავს ადეკვატურობას… ბოდიში ამ შედარებისთვის, დაზომბებას ემსგავსება… დამოუკიდებლად, ბადრაგის გარეშე შემოდის, ამ თვალსაზრისით მე ცვლილებები არ მინახავს, თუმცა ვხედავ მის კანის ფერს, როგორ მეტყველებს, კი ლაპარაკობს მხნედ და ა.შ., მაგრამ ლოგიკური ჯაჭვი უკვე ხშირად დარღვეულია. ვხედავ, რომ ამოვარდნები აქვს სერიოზული მეხსიერებიდან…, – ამბობს ნიკა გვარამია.