კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი ვილი პაჭკორია კლინიკების ხელმძღვანელებს და ექიმებს მოუწოდებს ბოიკოტისკენ, იქამდე სანამ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ და სათანადო მკურნალობას არ ჩაუტარებენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოიკოტის ფარგლებში სამედიცინო დახმარება არ უნდა გაუწიონ მთავრობის მაღალჩინოსნებს, პრემიერს და პარლამენტის უმრავლესობის წევრებს.
“კოლეგებო! სანამ მესამე პრეზიდენტს არ მიეცემა შერეული ტიპის პოლიპროფილურ სტაციონარში (ტიპი-C) სრულფასოვანი მკურნალობის უფლება, პროტესტის ნიშნად გამოვაცხადოთ უპრეცედენტო ბოიკოტი და არ გაუწიოთ სამედიცინო დახმარება მთავრობის მაღალჩინოსნებს, მოქმედ პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებს!!
ჩვენი ვალდებულებაა განსაცდელში მყოფი, ნებისმიერი პაციენტის კვალიფიციური დახმარება და სიცოცხლის შენარჩუნება, მისი პოლიტიკური შეხედულების, რწმენისა და სქესის მიუხედავად!!”, – წერია კლინიკების ასოციაციის განცხადებაში.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 36-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.
ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი 24 ოქტომბერს შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.