ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ოჯახის წევრების და მეზობლების გაფითრებული, გაშეშებული სახეებით გარემოცული, 9 აპრილს, ძალიან პატარა, პირველად შევხვდი სიკვდილს. ისეთი ტრაგედია ტრიალებდა ირგვლივ, განცდა მქონდა რომ ნახევარი ქვეყანა იმსხვერპლა იმ დღემ.
თინეიჯერობის ასაკამდე წამომეწია სამოქალაქო ომი, მერე რუსეთ-საქართველოს ომი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში…
უფროსების სახეები დღითი დღე მეტ შიშს და გაურკვევლობას ასხივებნენ… დრო და დრო უფრო ბევრ რამეზე ვერ თანხმდებოდნენ… ჯერ ზვიადისტებად და პუჩისტებად გაიყვნენ, მერე ქართველებად და ოსებად, ქართველებად და აფხაზებად, ქურდებად და ადამიანებად, შევარნაძისტებად და რევოლუციონერებად, ქოცებად და ნაცებად…
დასაწყისში რაღაცებზე უბრალოდ ვერ თანხმდებოდნენ, მერე ერთმანეთს ტყვია ესროლეს, სროლა ომში გადაეზარდათ და ქვეყანა ნაწილებად და ადამიანთა დაჯგუფებებად დაშალეს…
ჯერ ბავშვებმა, მერე თინეიჯერებმა, მოგვიანებით ზრდასრულებმა ფართოდ გახელილი თვალებით ვუყურეთ როგორი სისასტიკით გაძარცვეს, გააუპატიურეს, გაყიდეს, დახოცეს ერთმანეთი უფროსებმა…
ერთმანეთის გინება-ძარცვა-ხოცვაში გაზრდილებს სიკვდილი გაგვიუფასურდა, სიძულვილი შეგვისისხლხორცდა, სუსტის დაჩაგვრა ნორმად გვექცა…
წლები გავიდა, მშობლების თაობამ ჩვენს თვალწინ გაანადგურა ერთმანეთი… წლები ისევ მიდიან, ახლა ჩვენ ვანადგურებთ ერთმანეთს ჩვენი შვილების თვალწინ ისევ ნაცებად, ქოცებად, ქურდებად და ადამიანებად დაყოფილები…
ჩვენი შვილები ფართოდ გახელილი თვალებით უყურებენ სისასტიკეს, ერთმანეთთან ბრძოლაში მუდმივად დაღლილ, გაღიზიანებულ მშობლებს და ჩვენი აგრესია მათ გონებაში სიძულვილის შხამად წვეთავს. ვერც კი ვაცნობუერებთ, რომ ერთხელაც შეძლებენ მშვიდად უყურონ სარჩობელაზე ჩამოსახრჩობად გამოყვანილ მორიგ მსხვერპლს…
სიძულვილის ჭაობში ყოველდღიურად ვითრევთ ერთმანეთს და მომავალ თაობასაც აღარ ვუტოვებთ შანს ადამიანებად გადარჩნენ…“, – წერს გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.