მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები აღენიშნება. ამის შესახებ მან გლდანის ციხის საავადმყოფოს დატოვების შემდეგ განაცხადა.
“ახლა ტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, ჯერ არ დამთავრებულა. მე ადრე გამოვედი, რადგან ჩემი საქმე დასრულდა. მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდა გარეგანი დათვალიერება. აქვს დაზიანებები. უფრო მეტ ინფორმაციას კომისიის წევრები მოგაწვდიან. ვნახე დაზიანებები. სხვადასხვა ნაწილებში აქვს დაზიანება, მე შევამჩნიე ჩემი თვალით. ეს დაზიანებები ასევე იყო აღბეჭდილი ფოტოსურათებზე. დასამალი არაფერია”,– თქვა ყიფშიძემ.
მისივე ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი მედიკამენტებს არ იღებს და მკურნალობას არ გადის. რაც შეეხება ანალიზებს, ყიფშიძის თქმით, მათი ნაწილი არ არის კარგი.