აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული მორიგ ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ და ჯანდაცვის სამინისტროს ღია წერილით მიმართავენ.
ექიმები წერენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“ჯანდაცვის სამინისტროს!
თქვენი პროფესიული მოვალეობაა, მიუთითოთ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო სექტორს, რომ პატიმარი პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ მდგომარეობაში კი არა, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად და ინტენსიური განყოფილების მახლობლად კი არ უნდა იყოს მოთავსებული, არამედ კარგად აღჭურვილ, გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ინტენსიურ განყოფილებაში განუწყვეტელი ტელემეტრიული მეთვალყურეობის ქვეშ. მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება რიგი სერიოზული ობიექტური სიმპტომები, რომლებმაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შექმნას სიცოცხლისათვის სახიფათო, ლეტალური გართულება.
მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტად მყოფი მეგობრის გადმოცემით, მას დღეს აღენიშნა გულისრევა მოყავისფრო შიგთავსით. სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული ყავის ნალექის ტიპის ღებინება (vomiting of blood or coffee-ground-like material). ეს არის კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტიდან სისხლდენის პათოგნომური კლინიკური ნიშანი. ასეთი სისხლდენა შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიული უბნიდან ან წყლულოვანი ზედაპირიდან.
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წარმოადგენს გადაუდებელ სამედიცინო პრობლემას. ასეთი პაციენტი სასწრაფოდ უნდა იქნეს მოთავსებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არასტაბილური ჰემოდინამიკის შემთხვევაში პირდაპირ პალატაშივე უნდა ჩატარდეს კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტის ენდოსკოპიური კვლევა შესაბამისი რადიკალური ჩარევით. გასათვალისწინებელია გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შესაძლო საჭიროებაც.
კლინიკურად მნიშვნელოვანია პაციენტის ჰემოდინამიკური მდგომარეობის სტაბილურობის ზუსტი და მუდმივი განსაზღვრა. კერძოდ, მუდმივ რეჟიმში უნდა ისაზღვრებოდეს წნევა, გულისცემა, ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე და ა.შ.
დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ლაბორატორიული მონაცემების უზუსტესი კვლევა და პაციენტის მომზადება სისხლის შესაძლო გადასხმისთვის. აღნიშნული სიტუაციის ადეკვატურად სამართავად შესაძლოა საჭირო გახდეს მასიური ჰემოტრანსფუზია, სპეციფიკური ენდოსკოპიური ქირურგიული ჩარევები, კომპლექსური ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლებიც მოითხოვს ამ პროცედურებში დახელოვნებულ, გამოცდილი პროფესიონალების გუნდს, რაც უპირობოდ უნდა ჩატარდეს მაღალტექნოლოგიურ, მაღალკვალიფიციური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
მოშიმშილე პაციენტის შემთხვევაში ყველა ზემოჩამოთვლილი გართულება თუ პროცედურა ბევრად უფრო სარისკო და ძნელად სამართავი ხდება. პროცედურისათვის აუცილებელი ანესთეზიისთვის საჭირო მედიკამენტების გამოყენებაც კი შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს. ასეთი პაციენტის ანესთეზიას აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა.
გარდა ამისა, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ტრემორი, მკვეთრად გამოხატული კუნთოვანი სისუსტე და მეხსიერების ხანმოკლე ჩავარდნები. ეს სიმპტომები დიდი ალბათობით მიუთითებს უაღრესად საშიში ნევროლოგიური გართულების, ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომის საწყისი ეტაპის განვითარებაზე, რაც თავისთავად, დამოუკიდებლად წარმოადგენს კიდევ ერთ გადაუდებელ სამედიცინო კატასტროფას, რომელიც შეიძლება დასრულდეს კრუნჩხვებითა და კომატოზური მდგომარეობის განვითარებით.
სრული პასუხისმგებლობით, პროფესიულ სინდისსა და ჩვენს ოფიციალურ სამედიცინო კვალიფიკაციაზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ეთერში საჯაროდ გაჟღერებული სიმპტომების მიხედვით, უპირობოდ იმყოფება გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ; საჭიროებს სასწრაფო გამოკვლევებს და შესაბამის მკურნალობას მაღალტექნოლოგიური, მულტიპროფილური კლინიკის ინტენსიური განყოფილების პირობებში. პაციენტის მართვაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ: რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, ინვაზიურ ჩარევებში დახელოვნებული გასტროენტეროლოგი, კარდიოლოგი, ჰემატოლოგი, ენდოკრინოლოგი და ნუტრიციონისტი. ასევე, პაციენტს უნდა უვლიდეს მაღალკვალიფიციური ექთანი რომელსაც შეუძლია სიცოცხლისთვის საშიში ჰემოდინამიური ძვრების მონიტორზე მყისიერი ამოცნობა.
გაფრთხილებთ, ზემოაღნიშნული სიმპტომების უგულებელყოფასა და მკურნალობის დაყოვნებას აუცილებლად ექნება გამოუსწორებელი შედეგი!” ნათქვამია ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის ერთობლივ მიმართვაში.