(ტაბულა) დღეს, პირველ ივლისს, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ათწლიანი გეგმა წარადგინა. გეგმის მიხედვით, მომავალი წლებში სოფლის მეურნეობაში მთავრობა და კერძო სექტორი 7 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს.
“მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ჩადებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს, დაახლოებით, 2 მილიარდ ლარს, ამას გარდა, კერძო სექტორის მხრიდან, დაახლოებით, მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა ამ სექტორში.
ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში, მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს, შედეგად, ჩვენი გათვლებით, პროგრესი იქნება მეტად უფრო ინკლუზიური, მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დასაქმება, მეტი ჩართულობა სოფლის მეურნეობაში.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვგულისხმობთ რეგიონების განვითარებას, რეგიონების გაძლიერებას, ასევე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს ჩვენი ქვეყანა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოგვაქვს, ჩვენ არ ვართ იმპორტის წინააღმდეგი, თუმცა შეგვიძლია მეტის წარმოება ქვეყანაში”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე.
ღარიბაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობაში ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ ჩადებული ინვესტიციის მოცულობა 2 მილიარდი ლარი იყო, კერძო სექტორის კი – 1 მილიარდი ლარი. სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში კი 2020 წლის მონაცემებით 8.4% იყო, 2019 წელს კი უფრო ნაკლები – 7.4%.
იკლებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც 2001 წელს მილიონ 807 ათასიდან, 2021 წელს მილიონ 513 ათასამდე შემცირდა. თუმცა ზრდადია სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება, რომელმაც 2020 წელს 5 მილიონ 472 ათასი ლარი შეადგინა, 2019 წელს კი 4 მილიონ 835 ათასი ლარი.