სურსათის ეროვნული სააგენტო ბოსტნეულსა და ბაღჩეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობას იკვლევს. როგორც bm.ge-ს სეს-დან აცნობეს, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქტის 100 ნიმუში აიღეს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა 16 დარღვევა, ძირითადად ჭარხლის ნიმუშებში, რაზეც გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები – რეალიზაციის აკრძალვა, სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა და გამოთხოვა.
“დარღვევები არ აღინიშნა უკვე გამოკვლეულ ბაღჩეულ კულტურებში – საზამთროსა და ნესვში. სააგენტო აგრძელებს სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებული ბოსტნეულისა და ბაღჩეული კულტურების კვლევას”, – ნათქვამია სეს-ის კვლევაში.
როგორც სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე განმარტავს, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, სააგენტო სეზონურად ამოწმებს ნიტრატების შემცველობას სხვადასხვა ბოსტნეულში. გააქტიურებული კონტროლის, აგრეთვე ფერმერებისა და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად, დარღვევები შემცირებულია, თუმცა აღინიშნება ცალკეული შეუსაბამობები და სააგენტო, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.