მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია პენიტენციურ სამსახურის ბრიფინგს გამოეხმაურა და თქვა, რომ უწყებას რეალურად მოშიმშილე პაციენტის მართვის გამოცდილება არ აქვს.
კერძოდ, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, 2018 წელს დაწესებულებაში 40 დღის შიმშილობის შემდეგ პაციენტი გარდაიცვალა, ვინაიდან უწყებამ მისი მდგომარეობის მართვა ვერ შეძლო.
“ეს ბრიფინგი არაფერს ემსახურებოდა, გარდა იმისა, რომ სისულელე ეთქვათ და ვალი მოეხადათ, არ ვიცი ვის გასაგონად, საზოგადოებას არ სჯერა, ალბათ, სტრასბურგის სასამართლოსთვის.
საინტერესო იყო ერთი რამე, თქვეს, რომ გვაქვს გამოცდილება, შიმშილობის მართვის განსაკუთრებით შიმშილობის შემდგომი პერიოდისო. თუ მიაქციეთ ყურადღება, თქვეს, რომ 2019-დან გვაქვს ეს გამოცდილებაო, ხო აბსურდია ეს ყველაფერი.
მე გეტყვით რატომ თქვეს, 2018 წელს, 40 დღის შიმშილობის შემდეგ, ამ საავადმყოფოში გარდაიცვალა პატიმარი, იმიტომ რომ შიმშილობა ვერ მართეს.
რაც შეეხება პოსტ შიმშილობის პერიოდს, ამის მართვის გამოცდილება ამ საავადმყოფოს კი არა, საქართველოში სავარაუდოდ, არც ერთ საავადმყოფოს არ აქვს და საჭირო იქნება კონსილიუმისგვარი მიხედვა, ამ ყველაფერს, ერთი საავადმყოფოს რესურსი შეიძლება არ ეყოს. დღესავით ნათელია სიტუაცია, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ყველა შემთხვევაში მოუწევთ”,-თქვა ნიკა გვარამიამ.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მორიგი ბრიფინგი დღეს გამართა. ბრიფინგზე ექიმმა სანდრო მათეშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტმა წამლების მიღება დაიწყო და ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა.
ამასთან, მათეშვილი ამტკიცებდა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებას მოშიმშილე პაციენტების მართვის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.