აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, რაიმე სახის დისკუსია ან დებატი საჭირო არაა.
კელი დეგნანის განცხადებით, უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა გასცა და მისთვის გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება:
„ჩვენ ძალიან გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, აღარ არის საჭირო რაიმე დისკუსია ან დებატი. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს ყველა სათანადო ზრუნვა. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მედიკოსთა ჯგუფს. მათი შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობა კრიტიკულია, მას მრავალმხრივი სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება, რათა რაც მოხდა, აღარ განმეორდეს.
მან უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა შესაბამის დაწესებულებაში. ამ საკითხის მიმართ არის დიდი ყურადღება ვაშინგტონში, ასევე, საქართველოს მეგობრების მხრიდან. უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაც მის ჯანმრთელობაზე გაიცა. გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება“, – აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.
სააკაშვილი გლდანში, ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ცუდად გუშინ, 18 ნოემბერს იმ დროს გახდა, როცა ადვოკატებს ხვდებოდა.
„რომ გამოვდიოდით, ადგა, გაჰყავდა ბადრაგს და [იმ მომენტში] მოწყვეტით წაიქცა. რომ წაიქცა, კონტაქტური არ იყო და ისეთი მოძრაობები იყო, ჩავთვალე, რომ ინსულტი იყო. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის“, – თქვა გვარამიამ გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ.
ექიმების დახმარების შემდეგ სააკაშვილი გონს მოვიდა და ბოლო მონაცემებით კონტაქტური იყო. ის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული იყო ჯერ კიდევ 17 ნოემბრის ღამის მდგომარეობით.
ხელისუფლებას სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც.