ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესახებ საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევების განხილვა  ოზურგეთში ჩატარდა

2021 წლის 20 ნოემბერს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმავითარებელი კომპანია CCEH Hydro VI-ის ინიციატივით, მდინარე ბახვისწყაზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესახებ უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევების შედეგების განხილვა ოზურგეთში, ფოლკლორის ცენტრში გაიმართა.

სპეციალურად ამ განხილვისთვის, კომპანიამ ოზურგეთში მოიწვია იმ საერთაშორისო კომპანიების ექსპერტები, რომლებიც მუშაობდნენ კვლევებზე. სწორედ მათ წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას კვლევების შედეგები და რეკომენდაციები. კერძოდ, კლიმატის და კუმულაციური ზემოქმედების კვლევებზე იმუშავა 20 წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტმა, პიერ ბიდერმანმა. ის ამჟამად ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage-ს დამფუძნებელი და მთავარი კონსულტანტია. რაც შეეხება ბიომრავალფეროვნების კვლევას, ამ ნაწილში კომპანია CCEH-მა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია SLR-ის ბრიტანეთის ოფისთან გააფორმა ხელშეკრულება. კვლევას, უშუალოდ ბრიტანელი ექსპერტი, ნიკოლა ფოლკსი ხელმძღვანელობდა. ის ბახვი 1 ჰესის საპროექტო ტერიტორიის შესწავლაზე საქართველოს ამა წლის ივნისის თვეში სტუმრობდა.

ბიომრავალფეროვნების, კლიმატისა და კუმულაციური კვლევების პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბახვი 1 ჰესის პროექტით დაინტერესებული მხარეები. კერძოდ, ბახვი 1 ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრები, რომელიც თავის მხრივ დაკომპლექტებულია დამოუკიდებელი პირებით ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სექტორიდან. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, ბიზნესის და უშუალოდ საპროექტო ტერიტორიასთან ახლოს მდებარე  სოფლების წარმომადგენლები.

„ჩვენი უპირველესი მიზანი იყო გაგვეზიარებინა დაინტერესებული მხარეების რჩევა, რომელიც უნდა ითქვას, რომ სრულ თანხვედრაში მოდიოდა ჩვენს გეგმებთან და კვლევების გარკვეული ნაწილი ჩაგვებარებინა მსოფლიოში აღიარებული უცხოელო ექსპერტებისთვის. უკვე, მაისში გავაფორმეთ ხელშეკრულებები და კვლევები, რომელიც ასე აღელვებდა ადგილობრივ მოსახლეობას, კერძოდ, ბიომრავალფეროვნება, მიკროკლიმატზე გავლენა და კუმულაციური ანგარიში,  ივნისიდან დაიწყო. ჩვენ უკვე გვაქვს როგორც ბიომრავალფეროვნების კვლევის შედეგები, რომელიც მკაფიო წარმოდგენას გვიქმნის თუ რა ვითარებაა საპროექტო ტერიტორიაზე დღეის მდგომარეობით და რა შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო, იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა მაქსიმალურად იქნეს შენარჩუნებული. ასევე, დავრწმუნდით, რომ საპროექტო ჰესი თავის მასშტაბებიდან გამომდინარე კლიმატზე გავლენას ვერ მოახდენს. რაც შეეხება კუმულაციურ ზემოქმედებას, რომელიც თანმდევი ან კომბინირებული ზემოქმედების ერთობლიობაა, რაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის საქმიანობას ან პროექტებს, გარკვეულ ბუნებრივ გარემოზე ან სოციალურ ჯგუფებზე, აქ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებაც უკვე არის ჩვენი ვალდებულება, იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ ან კიდევ, შევარბილოთ  გავლენა“ – განაცხადა მიხეილ ნიბლაძემ, კომპანია CCEH Hydro VI -ის დირექტორმა.

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხის მენეჯერის, დავით მიქელაძის განცხადებით,  „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ოპერირების პროცესს არ ექნება გაზომვადი ან მნიშვნელოვანი ზემოქმედება ბახმაროს მაკრო ან მიკროკლიმატზე, და არც მდინარე ბახვისწყლის წყალშემკრებ აუზზე. სწორედ აქედან გამომდინარე, პროექტს არ ესაჭიროება რაიმე სახის შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელება კლიმატის საკითხთან მიმართებაში. კლიმატის კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ  რეზერვუარების ზედაპირის ფართობები, რომლებსაც  რაიმე სახის ზეგავლენა შეუძლიათ მოახდინონ მიკროკლიმატზე ან ნისლის წარმოქმნა/გაქრობაზე, მოიცავს  ასობით ან ათასობით  კვადრატულ კილომეტრს. ცნობისათვის, ბახვი 1-ის რეზერვუარი არის მეოთხედ ჰექტარზე ნაკლები (0,0023 კვადრატული კილომეტრი). რაც შეეხება ბიომრავალფეროვნების კვლევას, ის ბახვისწყლის ხეობაში, საპროექტო არეალის ძირეული შესწავლით დაიწყო. უცხოელმა ექსპერტმა და მისმა ჯგუფმა შეისწავლა ფლორისა და ფაუნის ყველა წარმომადგენელი და მათი ჰაბიტატი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კალმახის შესწავლას და იმ შემარბილებელი ღონისძიებების ჩამოყალიბებას რაც უზრუნველყოფს მისი არსებობის უპრობლმეოდ გაგრძელებას. ასევე, დეტალურად იქნა შესწავლილი ტყის საფარი და მივიღეთ ტყის განაშენიანებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რომელიც IFC და EIB-ის მიერ განსაზღვრულ ბიომრავალფროვნების შენარჩუნების პრინციპებს ეყრდნობა. ბრიტანელი მკვლევარის თქმით, თუ მენეჯმენტი განახორციელებს ყველა შემოთავაზებულ შემარბილებელ ღონისძიებას, ბახვი 1 ჰესის პროექტს არ ექნება ბიომრავალფეროვნებაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება, რაც ცხადია რომ ჩვენი ინტერესიც არის.  რაც შეეხება კუმულაციური ზემოქმედებას,  ფრიად საინტერესო კვლევაა და უფრო ფართო ჭრილში განიხილავს ბახვი 1 ჰესის და სხვა ინიციატივების ერთობლივ ზემოქმედებას. მასში, ფრანგი ექსპერტის მიერ ჩაიდო კონკრეტული რეკომენდაციები ზემოქმედების  შერბილების კუთხით, მდინარისა და თევზის, ტყის საფარის, ტრანსპორტირების მენეჯმენტისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით, რაც ცხადია გათვალისწინებული და შესრულებული იქნება კომპანიის მიერ“.

უცხოელი ექპერტების მიერ ჩატარებული კვლევების პარალელურად პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესწავლის დოკუმენტის მომზადების ფარგლებში კვლევებს ახორციელებს ქართული კომპანია გამა კონსალტინგი. სწორედ გზშ-ს დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი იქნება დღეს გაჟღერებული კვლევების შედეგებიც.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share