”ახალგაზრდებმა რომ წარმოიდგინოთ სად ვცხოვრობდით ვარდების რევოლუციამდე…
ატმორმა დენი ორჯერ დამარტყა შხაპის მიღებისას… ატმორი ალბათ არც იცით რას ნიშნავს. უცხო სიტყვა არაა, ასე ერქვა კუსტარულ გამაცხელებელს. წყალს ნელთბილს ხდიდა რომ ბანაობისას კანკალს არ აეტანე.
გვიან ღამე მხრჩოლავ “კერასინკაზე” და ნავთის ლამპაზე მეცადინეობისას, სავარაუდოდ, ოთახში დაგროვილმა ნამწვმა გონება დამიბინდა. დედას კაკუნმა უხერხულად შემაფხიზლა, წავბორძიკდი და გავარვარებულ”კერასინკაზე” პირდაპირ ლოყით დავენარცხე. ვერც ვხვდები როგორ გადავურჩი უდიდეს ნაწიბურს მარცხენა ლოყის დაახლოებით ორ მესამედზე.
მამის საფლავზე წავედით ერთი დღით დასავლეთში. შინ მობრუნებულებს სახლი გაქურდული დაგვხვდა. წასაღები არაფერი გვქონდა გარდა ზამთრის თბილი ქურთუკებისა. ქურთუკებს საზამთროდ მომზადებული მურაბებიც გააყოლეს. მილიცია გამოიძახა დედამ. საკუთარი სახლის გაქურდვის ბრალდების ჩვენთვის აკიდებას ეცადნენ. ბედად, დედას ეყო გამბედაობა კინწისკვრით გაეყარა სახლიდან ორივე. მეზობელმა მილიციელმა გაგვიმხილა მოგვიანებით, საკუთარი თავის გამოხსნაში ფულს გამოგძალვდნენო…
შუადღის შუქზე დედა ჩვენივე სადარბაზოსთან დააყაჩაღეს. ოქროსფერი, უბრალო მეტალის ჯვარი ეკეთა ყელზე. ეტყობა ოქროსი ეგონათ. ისე ჩამოგლიჯეს ჯვარი კისრიდან, სისხლმდენი ჭრილობით და შიშისგან გაფართოებული თვალებით დაგვიბრუნდა სამსახურიდან.
სამედიცინო უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე დედა ცრემლებით მაცილებდა. უმწეობა ატირებდა, იცოდა ცოდნა არ იყო საკმარისი იქ მოსახვედრად. უფრო სწორად ცოდნა არც იყო საჭირო. ფული კი ჩვენ არ გვქონდა…
მისაღებ გამოცდაზე (ბიოლოგიაში), გამომცდელმა გამოიდო თავი, ასეთი აბიტურიენტი ამდენი წელია არ მინახავს და თუ უმაღლეს ქულას არ მიიღებს კომისიას დავტოვებო. პირველ ორ გამოცდაზე თითქმის უმაღლესი ქულებით ეს ქულა იმდენად წამწევდა წინ, ბოლო გამოცდაზე მინიმალური ქულაც კი ჩარიცხვის გარანტია იყო. ჩემი გვარი იქ არავის ეცნობოდა. შესაბამისად აქამდე შემთხვევით დაუძვრათ უმაღლესი ქულები და ეს უნდა ყოფილიყო ბარიერი რომლის გადალახვა ჩემთვის არ შეიძლებოდა. შუახნის მამაკაცი დაადგა თავს ჩემს გამომომცდელს და ყვირილით უთხრა “შენ ხომ არ გაგიჟდი ეს ბავშვი უკვე გადაიწვაო”. ამ ფრაზაზე მე შიშის შეგრძნება დავკარგე, ფეხზე წამოვხტი და დემონსტრაციულად განვაცხადე, რომ არ დავტოვებდი გამოცდას სანამ ყველა საკითხს არ მკითხავდნენ და პასუხების შესაბამის ქულას არ გავიტანდი. ცხადია, “თავხედობისთვის” საშინლად გამლანძღეს, მაგრამ არ დავთმე. დეტალებით თავს არ შეგაწყენთ. ბოლის 10-შესაძლებლიდან 9 ქულით გამოვედი ხანგძლივი და დამქანცველი ომიდან. ისეთი აღელვებული გამოვედი გამომცდელის სახელი ვერ დავიმახსოვრე. გვარად მაჭავარიანი იყო. არასდროს დამავიწყდება, როგორ იბრძოლა სრულიად უცხო, გაწრიპული, ძალიან პრინციპული აბიტურიენტისთვის. ვერასდროს ვიპოვე, რომ მადლობა მეთქვა. შუახნის კაცი, ვინც თავზე დასჩხაოდა “ეს ბავშვი უკვე გადაიწვაო”, პირველ სექტემბერს სტუდენტებთან შეხვედრისას აღმოვაჩინე რომ სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი იყო.
ნავთის და პურის რიგში საათობით დგომა მაშინ ნორმალური ამბავი მეგონა.
რამდენჯერ მიოცნებია შორეულ სამოთხეზე სადაც შუქი არასდროს ქრება, წყალი გრაფიკის გარეშე მოდის ონკანში, ქუჩაში შემოღამების არ გეშინია…
ერთხელ, ჩემი თავგადასავლები ამერიკელ მეგობრებთან მოვყევი. დაასკვნეს, რომ მე ძალიან კარგად გამომივიდოდა წერა. მივხვდი, ნაწილობრივ ფანტაზიად ჩათვალეს ჩემი ყოველდღიურობა…” – წერს ნანა გეგეჭკორი და კიდევ ერთხელ იხსენებს, თუ როგორი იყო ადამიანების ცხოვრება ვარდების რევოლუციამდე.