“მთავარი არხის” ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი მესამე პრეზიდენტის დღევანდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება და წერს, რომ “პიჯაკების საქმეს” სამართალთან კავშირი არ აქვს.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს 9 მილიონის არამიზნობრივ ხარჯვას ედავება მაშინ, როცა თავად ბიუჯეტი ნახევარი მილიარდით აზარალეს.
“მეგობრებო, რა უნდა ვიცოდეთ.
მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება 9 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში ედავება. ამაში შედის ლეხ კაჩინსკის თაიგულიც და იუშენკოსთვის მირთმეული ჩაიც, ლეღვის მურაბით.
ანუ, მიშას ეუბნებიან რომ 9 წლის მანძილზე 9 მილიონი ლარით აზარალა ბიუჯეტი, მაშინ როცა გუშინ ვიგებთ რომ მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტრომ, კახი კალაძის მინისტრობის დროს, ქვეყანა აზარალა 80 მილიონი დოლარით, რაც 240 მილიონი ლარია, რომელიც რუსებს უნდა გადავუხადოთ.
უფრო მეტიც, ვიგებთ, რომ სხვადასხვა პროცესებში, რომელთა ძირითადი ნაწილიც წააგო ხელისუფლებამ ადვოკატები იგივე, 80 მილიონი დოლარი დაუჯდა ქვეყანას.
ანუ, რაც დადასტურებულად ვიცით ამ ხელისუფლებამ ნახევარი მილიარდით აზარალა ეს ქვეყანა, მაგრამ მიშას მაინც 9 მილიონს ედავებიან.
ამიტომაც ვამბობთ, რომ სამართალთან კავშირი არ აქვს ამ პროცესებს”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან სასამართლოში უკვე გადაიყვანეს.