META: ბელარუსის KGB-მ მიგრანტების კრიზისის გამწვავებისთვის სოცმედიაში ყალბი ანგარიშები შექმნა

Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta ბელარუსის KGB-ს ათობით ყალბ სოციალურ ანაგრიშს უკავშირებს, რომლებიც ჟურნალისტების და აქტივისტების სახელით და პოლონეთის საზღვართან მიგრანტების კრიზისის გამწვავებისთვის შეიქმნა.

პირველ დეკემბერს კომპანიამ Facebook-ის 41 ანგარიში, 5 ჯგუფი და Instagram-ის 4 ანგარიში “კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის” წაშალა.

Meta-ს თანახმად, ყალბი ანგარიშები პოლონეთის ხელისუფლების ქმედებების გასაკრიტიკებლად გამოიყენებდა და ასევე ავრცელებდა ბრალდებებს, რომ პოლონელი მესაზღვრეები მიგრანტების წინააღმდეგ ძალას იყენებდნენ.

“ეს გამოგონილი პიროვნებები წერდნენ პოლონეთის კრიტიკას ინგლისურ, პოლონურ და ქურთულ ენებზე. ასევე ავრცელებდნენ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებიშიც პოლონელი მესაზღვრეები თითქოსდა არღვევდნენ მიგრანტების უფლებებს და პოლონეთის მიერ მიგრანტების მოპყრობას სხვა ქვეყნებს ადარებდნენ. [..] მართალია ამ ანგარიშებს უკან მდგომი ადამიანები თავის ვინაობას და კოორდინირებულ ქცევას ნიღბავდნენ, მაგრამ ჩვენმა გამოძიებამ ისინი ბელარუსის KGB-ს დაუკავშირა” – ნათქვამია Meta-ს ანგარიშში.

ბელარუსის KGB-ს Meta-ს მიგნებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

Meta-ს ანგარიშის თანახმად, გარდაბ ბელარუსის KGB-სთან დაკავშირებული ანგარიშებისა, კომპანიამ წაშალა Facebook-ის 31 ანგარიში, 4 ჯგუფი და Instagram-ის ანგარიში, რომელიც პოლონეთში იყო შექმნილი და ვისი სამიზნე აუდიტორიაც ბელარუსში და ერაყში მცხოვრები მომხმარებლები არიან. Meta ამ ანგარიშებს პოლონეთის მთავრობას არ უკავშირებს, თუმცა ამ ანგარიშების მიზანი მიგრანტების ევროპაში შესვლისგან გადარწმუნება იყო.

“ეს ყალბი პიროვნებები აცხადებდნენ, რომ ბელარუსიდან პოლონეთში გადასვლისას თავის უარყოფით გამოცდილებაზე უზიარებდნენ სხვებს და ევროპაში მიგრანტების წინაშე არსებულ სირთულეებზე საუბრობდნენ. ისინი ასევე წერდნენ პოლონეთის მკაცრ ანტი-მიგრაციულ პოლიტიკაზე და მიგრანტების საწინააღმდეგო ნეო-ნაცისტურ მოქმედებებზე პოლონეთში” – ნათქვამია Meta-ს ანგარიშში.

ბელარუსის და პოლონეთის საზღვარზე ათასობით მიგრანტია გაჩერებული. ისინი ძირითადად ერაყიდან, სირიიდან და იემენიდან არიან და ევროკავშირში მოხვედრა სურთ. სასაზღვრო ზონაში ბანაკებში ათასობით ადამიანი სიცივესა და რთულ პირობებშია გაჩერებული. ბელარუსის თანახმად, მიგრანტების ბანაკში 2 000 ადამიანია, ხოლო პოლონური მხარის მიხედვით ეს რიცხვი უფრო დიდი და 3 000- 4 000 ადამიანამდე მერყეობს.

13 ნოემბერს პოლონეთმა ბელარუსი სამხედროები მიგრანტების გასატარებლად მავთულხლართების გაჭრაში დაადანაშაულა. პოლონეთის პოლიციის თანახმად, იმავე რაიონში, საზღვრის ახლოს ტყეში მათ ახალგაზრდა სირიელი კაცის ცხედარი იპოვეს. ბოლო თვეების განმავლობაში პოლონურ მხარეს სამართალდამცველებმა სულ მცირე 8 გარდაცვლილი იპოვეს.

ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნების საზღვარზე მიგრანტების კრიზისი 2021 წლის გაზაფხულზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ლუკაშენკომ გამოაცხადა, რომ ბელარუსი შეწყვეტს მიგრანტების ნაკადის შეჩერებას, რომლებსაც ევროკავშირში მოხვედრა უნდათ.

tabula.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share