საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბოლო დღეებში აჭარაში კოვიდსიტუაციის სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება. ამის შემდეგ გაბუნიამ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც აჭარის მთავრობის ოპერატიული შტაბის სხდომას დაესწრო.
„ბოლო რამდენიმე დღეა, იკვეთება სტაბილიზაციის ტენდენცია, რისი მოლოდინიც გვქონდა. პრევენციული და შემზღუდავი ღონისძიებების შედეგად, რაც დაახლოებით 10 დღეა, ამოქმედდა, მოსალოდნელი იყო ამ ტიპის ტენდენცია და ვფიქრობთ, რომ შენარჩუნდება. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მძიმე შემთხვევების მართვა იყოს შესაბამისი. ტექნოლოგიურად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ყველაზე მეტი მძიმე პაციენტი ხვდება, ძალიან კარგადაა მომზადებული, აპარატურა ახალია. ექიმების მობილიზების პროცესი გრძელდება. ამ კვირის განმავლობაში ასევე მოხდება, სხვადასხვა კლინიკიდან დამატებით ექიმების მობილიზება და განსაკუთრებული აქცენტი კვლავაც მძიმე და კრიტიკული შემთხვევების მართვაზე იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, აჭარაში გარდაცვალების შემთხვევების მატება ინფიცირების მომატებულ შემთხვევებს უკავშირდებოდა.
„ის, რომ აჭარაში გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, უკავშირდება იმას, რომ შემთხვევების რაოდენობაც მაღალი იყო. თუმცა, რეგიონში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არ შეინიშნება. ყველაფერი შედარებითია. ზოგადად, ქვეყანა ლეტალობის მაჩვენებლით ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში, ამდენად ვფიქრობთ, რომ მძიმე შემთხვევებთან, რომელთა გადარჩენის შესაძლებლობა არსებობს, ყველასთან წარმატებული გამოსავალი დადგება და ეს პროცესი მართული იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის კლინიცისტების მიერ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.