პროტესტი ქობულეთში -სოფელ ციხისძირის მოსახლეობა ამბობს, რომ მანდარინის გადამამუშავებელი ქარხნიდან ნარჩენები ციხისძირში მიაქვთ და სპეციალურად ამოთხრილ ორმოში ყრიან, რის გამოც დგება გაუსაძლისი სუნი და მიმდებარე ტერიტორიაზე, 300-ზე მეტ ოჯახს მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება.
ციხისძირელები ითხოვენ, რომ ქარხანამ ნარჩენების მათ სოფელში დაცლა შეწყვიტოს.
გარდა, აუტანელი სუნისა, მოქალაქეები საფრთხეებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შესაძლოა, ორმოში ჩავარდნენ ბავშვები, რომლებიც ახლომდებარე ტერიტორიაზე ხშირად თამაშობენ.
უსიამოვნო სუნის გასაპროტესტებლად გუშინ სოფლის მოსახლეობასთან ერთად, ოპოზიციაც მივიდა. აქციაზე ადგილობრივებმა საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს, რის შემდეგაც მათი ცნობით იყო ხმაური და დაპირისპირება და სამართალდამცველებმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბონდო თედორაძე დააკავეს.
მოსახლეობამ პრობლემის მოსაგვარებლად, ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
ციხისძირელები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციების გაგრძელებას აპირებენ.