იულიუს ფონ კლაპროთი, გერმანელი ორიენტალისტი მოგზაურობდა კავკასიაში 1807-09 წლებში.მას აღწერილი აქვს გურია თავის ჩანაწერებში
“გურია მდებარეობს ქვემო რიონის სამხრეთით შავ ზღვაზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება თურქულ პროვინცია ახალციხეს. თავისი სამხრეთი მდებარეობის გამო ის უფრო ვაკეა და მოიცავს რიონის განიერ დაბლობს და სამხრეთი მთისწინეთის ნაწილს. ნიადაგი მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობისათვის ნაყოფიერია და ხელსაყრელი; ჰავა ჯანმრთელია. მაგრამ ქვეყანა თურქთა მხრივ ხშირი ძალადობის გამო, რომლებიც იტაცებდნენ ადამიანებსა და საქონელს და სამოსახლოებს ანადგურებდნენ, ძალზე გაჩანაგებულია, გაუკაცრიელებული და მოუშენებელი. ამასვე უწყობდა ხელს ის თამაში, რომელსაც ეწეოდნენ თურქები ადგილობრივ მმართველებთან, რომელთაც თავდასხმებისას გადააყენებდნენ. უნდა ითქვას, რომ არცაა დიდი იმედი მდგომარეობის გამოკეთებისა. ძველი კულტურის შესახებ მიუთითებენ სოფლებისა და სასახლეების ხშირი ნანგრევები.
ამ ქვეყნის მოსახლეობა ითვლის 6.000 ოჯახს (კომლს). ყველაზე მრავალრიცხოვანია ქართული მოსახლეობა; ისინი ლაპარაკობენ ქართულ დიალექტზე, რომელსაც შერეული აქვს ბევრი უცხო სიტყვა, განსაკუთრებით თათრული. ქართველებს შორის ჩასახლებული არიან ასევე სომხები, თათრები, ებრაელები და კავკასიელები. საცხოვრებელი, ტანსაცმელი, ჩვევები, ცხოვრების წესი და საქმიანობა (ხელოსნობა) აქ მთლიანად ქართულია.
გაბატონებული რელიგია ქართულ-ბერძნულია. ქვეყანას ჰყავს ორი ეპისკოპოსი შემოქმედიდან და ჯუმათიდან, რომელთაც რეზიდენცია აქვთ ამავე სახელის მონასტრებში. ისინი აღიარებენ იმერეთის კათოლიკოსის უზენაესობას, რომელსაც მათ ეპარქიებში ზოგი ქონებიდან გარკვეული გადასახადი ეკუთვნის (მიაქვს). მაგრამ, რადგან თურქთა თავდასხმის დროს ტყვედ წაყვანისგან თავდახსნის საშუალებად ისლამის აღიარებაა, ამიტომ ნახევარზე მეტი მაცხოვრებლები გამაჰმადიანდნენ.
გურია ეკუთვნოდა ძველ კოლხეთს, თუმცა დამოკიდებული იყო იბერიაზე. მაგრამ ამ ქვეყნის მეფეთა ძლიერების შესუსტებითა და თურქთა გაუთავებელი თავდასხმებით ისარგებლა ერთმა დიდებულმა, დაისაკუთრა ეს პროვინცია და ხელისუფლება თავის მემკვიდრეებს დაუმკვიდრა. თურქთა მფარველობით ფლობდა ეს გვარი ქვეყანას, სანამ ბოლოს სოლომონ I-მა მისი ერთი ნაწილი კვლავ თავის ხელისუფლებას არ დაუქვემდებარა და მთავარი არ დახარკა. გურიის მფლობელი ატარებს გურიელის ტიტულს და არის მართლმადიდებელი (ბერძენი ქრისტიანი).. მას შემდეგ, რაც რუსები მის სიახლოვეს მომძლავრდნენ, მანაც, მისი მეზობლების მსგავსად, რუსთა მფარველობა აღიარა.
რიონის შესართავთან მდებარე ქალაქი და ციხე ფოთი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინათ წაართვეს რუსებმა თურქებს, უწინ ხან გურიას ეკუთვნოდა, ხან მეგრულ მხარე ოდიშს. ის უმნიშვნელოა და თურქები ეძახიან კალა ფაშ-ს, რაც ნიშნავს ფაზის-ქალაქს. მის სამხრეთით მდებარეობს დიდი-ციხე უსაფრთხო ნავსადგურით. გურიის მთავარი პუნქტია ბათუმი, რომელსაც აქვს კარგი ნავსადგური, ძევს ჭოროხის შესართავთან და ახლაც თურქთა ხელშია. “