როგორც „გურიის მოამბისთვის“ ხდება ცნობილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების (ა(ა)იპი-ების) ხელმძღვანელებს, მერის, ალექსანდრე სარიშვილის მიერ ოფიციალური წერილები უკვე დაეგზაბნათ, სადაც საუბარია, რომ 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლიდან გამომდინარე, მოსალოდნელია სტრუქტურული ცვლილება, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
იმავე წერილში მითითებულია, რომ ხელმძღვანელებმა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით უნდა უზრუნველყონ დაწესებულების თანამშრომელთა გაფრთხილება შრომითი ურთიერთობის შესაძლო შეწყვეტის თაობაზე.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება 2 თვის ვადაში უნდა მოხდეს.
როგორც „გურიის მოამბეს“ ადგილიდან, ერთ- ერთი აიპის თანამშრომელი ეუბნება, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ეს მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან, როგორც წესი, არჩევნებამდე ძალიან ბევრ ადამიანთან ხმების მიღების სანაცვლოდ მიდის მოლაპარაკება შემდგომ დასაქმებასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში ადგილოვრივი ხელ;ისუფლებისთვის ყველაზე მარტივი მათი აიპიებში დასაქმებაა: „არჩევნებამდე თითოეული ადამიანი გაშიფრული ჰყავდათ, თუ ვინ ვის პოლიტიკურ შეხედულებებს ემხრობოდა, ახლა კი, იმ არასასურველი კადრების თავიდან მოცილება ხდება, ვითომდა ბიუჯეტის სიმცირის მოტივით. გაუშვებენ ამ ე.წ. შავ სიაში მყოფ პირებს და მოიყვანენ ახალ კადრებს, მადლიერების ნიშნად დაასაქმებენ, თან ბოლომდე მათი მსახურები იქნებიან.
სხვა ახსნა ამას არც აქცს და ვერც ექნება. აი, დავინახავთ ყველა ერთად, რამდენს გამოუშვებენ და დამატებით რამდენ კადრს მიიღებენ. ეს ხომ ახალი მეთოდი არ არის? გვინახავს ასეთი სიტუაციები, ვითომ ბიუჯეტის სიმცირის გამო 3 რომ გაუშვეს და 6 მოიყვანეს. ახლაც ასე იქნება. ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურა, როცა განსხვავებული აზრის გამო ადამიანები ისჯებიან და რჩებიან ქუჩაში, შემოსავლის გარეშე. დევიზი აქვთ-ვინც ჩვენიანი არაა, ჩვენთან ვერ იქნება და ამას ბიუჯეტის თანხებით წყვეტენ, რომელიც მათი კი არა, ხალხის და ყველას საკუთრებაა, „ნაცისაც“, ‘ქოცისაც“ და „ლეიბორისტისაც“-გვითხრა ქალბატონმა, რომელიც გვპირდება, რომ ვინაობას მას შემდეგ გაასაჯაროებს, როცა დამდგარ შედეგზე უფრო მეტის მოყოლას შეძლებს.