რა წაიღეს ბინიდან, სადაც სააკაშვილი დააკავეს

ბინა, სადაც პრეზიდენტმა ორი ღამე გაათენა, პოლიციამ მეორედ გაჩხრიკა – “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, წაღებულია ყველაფერი, რასთანაც მიხეილ სააკაშვილს  შეხება ჰქონდა. დასურათებულია ყველა ის ნივთი, რომელიც კრიმინალისტურმა სამსახურმა ექსპეტიზაზე წაიღო – შავი სათვალე,  ბოთლები, ჭიქები, ჩანგალი, სანდლები და პრეზიდენტის აიპადი.

დაობებული ხინკლის გარდა გამოძიების ინტერესის საგანი იყო ყველაფერი, რაც ქვიშხეთის ქუჩაზე მდებარე ბინაში დახვდათ.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ხელისუფლება ეჭვობს, რომ სანზონაში ამ მისამართზე ორი დღე – ღამის განმავლობაში სააკაშვილი მარტო არ ყოფილა, ამიტომ ეძებენ ნაციონალური მოძრაობის იმ ლიდერებს, ვინც ჩუმად პრეზიდენტთან დადიოდა.

ქვიშხეთის ქუჩის იმ ბინაში, სადაც მიხეილ სააკაშვილმა  ორი ღამე გაატარა პოლიციას  ორი თვე ჰქონდა დალუქული. ბოლოს კარი აქ რამდენიმე დღის წინ იმის გამო გახსნეს, რომ ის თავიდან გაეჩხრიკათ.

პროკურატურა ეძებს ადამიანს, რომელიც მესამე პრეზიდენტთან ერთად ღამეს ათევდა. ხელახალი ჩხრეკით კი ცდილობენ, თითის ანაბეჭდები მოიპოვონ და მის კვალზე ასე გავიდნენ.

განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო სააკაშვილის აიპედი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარაუდობს რომ ეს მოწყობილობა მათთვის საინტერესო ინფორმაციის მატარებელია. ამიტომ ახლა ადგენენ, რომელ ვებ გვერდებზე შედიოდა და ვისთან კონტაქტობდა ინტერნეტით ორი დღის განმვალობაში  ქვიშხეთის ქუჩაზე მყოფი მესამე პრეზიდენტი.

ელგუჯა ცომაიას შვილი ადასტურებს, რომ გამომძიებლებმა მამის სახლში დაიბარეს. ჩხრეკის პროცესს დაასწრეს და დასურათების ეპიზოდის ნახვის საშუალებაც მისცეს. ცომაიას შვილთან ერთად ამ პროცესს თვალს ადევნებდა დაკავებულის ახალი ადვოკატიც.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share