იუსტიცია სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ | საქალაქო სასამართლოში სხდომა 28 დეკემბერს ჩაინიშნა

იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინააღმდეგ – თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 28 დეკემბერს ჩაინიშნა.

სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას მოსამართლე ციცინო როხვაძე წარუძღვება.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა და შესაბამისი დასკვნა გამოაქვეყნა. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, კადრების გავრცელების გამო, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.

18 დეკემბერს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ მმართველი გუნდის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გაჟღერდა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმება იგეგმება. ირკვევა, რომ “ოცნება” აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

“ქართული ოცნების” ინიციატივას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლის მიმართა შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე სახელმწიფო ინსპექტორი გამოძიებას რამდენიმე მუხლით აწარმოებს. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უწყებას აქვს სრული ჩანაწერები, რომლებიც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ადასტურებს, ამიტომ ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებას ის სწორედ ამას უკავშირებს.

უწყების შესაძლო გაუქმების საკითხს თავად სახელმწიფო ინსპექტორიც გამოეხმაურა. ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ მისთვის “ქართული ოცნების” ინიციატივა “სიურპრიზი იყო” და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი შეჩერდება.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდის ინიციატივა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, რადგან “ოცნება” ლონდა თოლორაიას უწყების კრიტიკამ გააღიზიანა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share