დასაბამიდან დღემდე საქართველო ომშია… და სულაც არ რის გასაკვირი რომ ომში იყო წელსაც. მაგრამ, ერთში კი არა – სამ ომში ერთდროულად: რუსეთთან, ავტორიტარიზმთან და პანდემიასთან. წესით და რიგით სამივე ომში, ფრონტის წინა ხაზზე საქართველოს ხელისუფლება და მმართველი ძალის ლიდერები უნდა იდგნენ, მაგრამ ასე არ არის. სამწუხაროდ ღარიბი და დაჩაგრული ქვეყნის ეს მდიდარი და სახელმწიფო პრივილეგიებით მსუყედ აღჭურვილი ფიგურები ან გასუსული ჩირგვში სხედან, ან, საერთოდაც, მტრის მხარეს იბრძვიან. ხოლო ის ადამიანები, რომლებსაც მართლა უწევთ ამ ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნა, ყოველდღიურად სიკვდილს თვალებში უყურებენ და სიცოცხლეს წირავენ, რომ სხვები და რაც მთვარია ქვეყანა გადაარჩინონ, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ ამ წლის გმირები არიან.
რუსეთთან ბრძოლის წინა ხაზზე, დათა ვანიშვილის სიკვდილის შემდეგ, მისი მეუღლე ვალია ბებოა დარჩენილი. ფიზიკურად უკიდურესად დასუსტებული, ხანში შესული ქალბატონი სიმტკიცისა და თავგანწირვის, პრინციპულობისა და გაუტეხლობის საოცარ მაგალითს აჩვენებს და მეუღლისა და ქვეყნის ერთგულების ნიშნად მშობლიურ კერას არ ტოვებს. ის ნამდვილი გმირია, რადგან ყველაფრის მიუხედავად არ ტოვებს სახლს, რომელიც იქცა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის უკანასკნელ ბასტიონად და სიმბოლოდ იმისა, რომ მავთულხლართებს მიღმა კვლავაც საქართველოა.
მეორე ომში, რომლის შედეგადაც გაირკვევა – საქართველო დემოკრატიული დასავლეთის ნაწილი იქნება თუ რუსულ ავტორიტარიზმში საბოლოოდ ჩაეშვება, ბრძოლის წინა ხაზზე კრიტიკული მედია და ჟურნალისტები აღმოჩნდნენ. ხელისუფლების ხელშეწყობით, ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე წაართვეს, ათობით ჟურნალისტი სასტიკად სცემეს მხოლოდ იმისთვის, რომ პროფესიულ მოვალეობას კარგად ასრულებდნენ. მეტიც, კრიტიკული მედია საშუალებების ხელმძღვანელებსა თუ მფლობელებს სასამართლოებში ატარებენ, ფინანსურ მარყუჟს უჭერენ და პატიმრობით ემუქრებიან. და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მედია მილიარდერსა და მმართველ პარტიას სახელმწიფოს და ქვეყნის მომავლის სრულად მიტაცების გზაზე ეღობება. გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავა გმირია, ნაცემი ჟურნალისტებიც – გმირები არიან და ამ პროფესიის ყველა წარმომადგენელი, რომელიც არ უშინდება ხელისუფლების რეპრესიებს, და კიდევ უფრო მეტი შემართებითა და თავდადებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად აგრძელებს საკუთარი საქმის კეთებას.
მესამე ომი არის ბრძოლა კოვიდ პანდემიასთან, ვერაგ ვირუსთან, რომელმაც საქართველოს 13 512 მოქალაქე იმსხვერპლა. მათ შორის სამედიცინო სფეროს არაერთი წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხელისუფლებამ ვირუსთან სამკვდრო-სასიცოცლხო ბრძოლაში მიატოვა, ვაქცინაციის ხელშეწყობის ნაცვლად – ანტივაქსერული ტენდენციები წაახალისა, ექიმები და მთელი სამედიცინო პერსონალი საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად ცდილობდნენ თანამემამულეების გადარჩენას. ისინი ნამდვილად არიან 2021 წლის გმირები.
ამ ომებში, რომლებმაც საქართველოს ბედი უნდა გადაწყვიტოს, სხვა ბევრი ადამიანი მონაწილეობს და ძალიან მნიშვნელოვან როლსაც ასრულებს. შეუძლებელია არ დააფასო მესამე პრეზიდენტის სიმამაცე, რომელიც სიცოცხლის რიკის მიუხედავად დაბრუნდა საქართველოში, 50 დღე იშიმშილა, გააცოცხლა პოლიტიკური პროცესი და გვითხრა რომ “არასოდეს თქვა არასოდეს”. ეს ისტორია ჯერ არ დამთავრებულა. იმ ათეულობით ადამიანის გადაწყვეტილებაც აღსანიშნავია, საახალწლოდ, ამ ყინვაში შიმშილით პროტესტს რომ გამოხატავენ და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითხოვენ. ნინო ლომჯარიამ გვაჩვენა როგორ შეიძლება საჯარო მოხელემ უშიშრად, ღირსეულად და თავდადებით შეასრულოს საკუთარი მოვალეობა იმ შემთხვევაშიც, როდესაც ქვეყანა ოლიგარქს აქვს მიტაცებული, და ისიც დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ინსტიტუტების არსებობა; ელენე ხოშტარიამ დაამტკიცა, რომ ქართული პოლიტიკა ღირებულებებისგან, ღირსებისგან და ადამიანობისგან დაცლილი არ არის; ნიკა მელიამ საკუთარი თავგანწირვით გვითხრა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი; ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების რისკის ზღვარზე მუხლჩაუხრელი შრომაც დასაფასებელი, საქმით ჯერ ვერაფრით ვეხიდებით, მაგრამ მათ მიერ ატეხილი განგაში ხშირად ქვეყანას აფხიზლებს; დემნა გვასალიამ, ლაშა ტალახაძემ და სპორტისა თუ ხელოვნების სხვა ვარსკვლავებმა თვალნათლივ გვაჩვენეს თუ რამხელა სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანს ქვეყნისთვის, როდესაც ის მაღალი კლასის პროფესიონალია. ისინი უდაოდ წლის ადამიანები არიან და საბედნიეროდ ნუსხა გრძელია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ როგორც ერი და სახელმწიფო ბოლომდე ჩამოწერილი ჯერ კიდევ არ ვართ და მართალია გაჭირვებით, რთულად, შესაძლოა გამრუდებული კომპასითაც, მაგრამ მაინც, წინ ვმოძრაობთ. თუმცა ეს ნელი მოძრაობა, ვისთვის უძრაობა შეიძლება მომავალ წელს საბედისწერო უკანდახევად გადაიქცეს, თუ შევეგუებით იმას – ფაქტობრივად როგორ უქმდება სახელმწიფო.
ხვალ, პარლამენტში რეგისტრირდება კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს, თითქოს ახალი ერთეულის შექმნის საბაბით. სინამდვილე კი ისაა, რომ პირდაპირ დიქტატს მიღმა დარჩენილი 2 ინსტიტუტიდან – ერთი სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელობაა. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, მათ თავიდან მოსაშორებლად და განახლებული ფორმალური სტრუქტურის თავზე ყურმოჭრილი მონის დასასმელად, ადგნენ და უბრალოდ სამსახური, ანუ ძლივს შემდგარი სახელმწიფო ინსტიტუტი გააუქმეს. ლომჯარიაღა დარჩათ გასაუქმებელი… უფრო სწორედ – თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ბოლო ნაშთი.
ასე დგება 2022 წელი საქართველოში – ცოტა ნაცნობი და ბევრი უცნობი გმირით და ბევრი ნაცნობი ანტიგმირით, რომელთა მთავარი “დამსახურებაც” სახელმწიფოს მიტაცება და აკრძალვების პოლიტიკაა. რაც არ მოსწონთ ყველაფერს აუქმებენ, ერთი ეგაა – სიღარიბე და უმუშევრობა ვერ გააუქმეს, ეტყობა იმიტომ რომ მოსწონთ, ან არ მოსწონთ, მაგრამ ვერაფერს უხერხებენ… თუმცა აქაც არსებობს გამოსავალი – მათი, ანუ სიღარიბის, გაჭირვების, უმუშევრობის ხსენება ავკრძალოთ, უბრალოდ გამოვრთოთ ტელევიზიები, როგორც ივანიშვილი ამბობს: “..რომ გამოვრთოთ ეს არხები (რუსთავი2), ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ..” მართალია ეს კაცი.. მეტს ვერაფერს ნახავთ! ამიტომ, მომავალ წელს, ამ ბოლო “პრობლემის” მოგვარება იქნება კიდეც სახელმწიფოს მიმტაცებელთა მთავარი “საზრუნავი”. აი მაშინ კი სრულად დავემსგავსებით მზრუნველობამოკლებულ ქვეყანას, რომელსაც ჯერ კიდევ ყავს გმირები, თუმცა სახელმწიფო – უკვე აღარ!