“თელმიკოსგან” მიღებული ორ-ორი ქვითარი ერთ თვეში – მოსახლეობა ყვება, რომ ქვითრები განსხვავებული თანხით მიუვიდათ და უფრო მეტი თანხა დაერიცხათ. სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ გაურკვევლობაში არიან, რადგან მათი მოხმარება არ გაზრდილა, გადასახადი კი მინიმუმ გაუორმაგდათ.
მომხდარზე განმარტება გააკეთა ენერგოომბუდსმენმა, რომელიც ამბობს, რომ “თელმიკომ” დაანგარიშების თარიღები შეცვალა – მაგალითად, თუ აქამდე მოქალაქეების მრიცხველებიდან მონაცემების აღება 15 რიცხვიდან თვის ბოლომდე ხდებოდა, ამ შემთხვევაში მონაცემებს მხოლოდ თვის ბოლო 4 დღიდან აიღებენ.
მისივე განმარტებით, ეს ბოლო მსგავსი შემთხვევაა და თებერვლიდან ყველა ისევ ერთ ქვითარს მიიღებს.
“შეიცვალა აღრიცხვის მეთოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ციკლების ნაცვლად თვეში მხოლოდ ერთხელ, თვის ბოლოს აიღებს ჩვენებას მომხმარებლის მრიცხველიდან, რაც თავისთავად გააადვილებს საქმეს. იანვრიდან, ასეთ აღრევას ადგილი აღარ ექნება. მომხმარებლები გადახდის ორ ქვითარს აღარ მიიღებენ.
ტარიფი არ გაზრდილა, ტარიფი არ გაიზრდება არც მომავალ წელს, უბრალოდ ნუ დაგვავიწყდება, რომ ტარიფი იყო სუბსიდირებული მთელი 2021 წლის განმავლობაში. მე როგორც ენერგოომბუდსმენი და უფლებადამცველი ვამბობ, რომ ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს მომხმარებლების ინტერესებზე”, – თქვა სალომე ვარდიაშვილმა.
ცნობისთვის, სემეკი გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა. ამ წლიდან, თბილისში, “თელმიკოს” ყველა აბონენტი ქვითარს თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.