ფორმულას ინფორმაციით, მოსამართლეები საკანონმდებლო ცვლილებების გასაჩივრებას გეგმავენ

ფორმულას ინფორმაციით, მოსამართლეების ნაწილი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავს. ეს ინფორმაცია პირად საუბრებში მოსამართლეებმაც ფორმულას დაუდასტურეს, თუმცა საჯაროდ ლაპარაკი ჯერ არ სურთ.

საქმე ეხება ცვლილებებს, რომელიც მოსამართლეთა დისციპლინურ დევნას ეხება. მოსამართლეები ტელეკომპანიასთან ამბობენ, რომ პროცესების განვითარებას და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელსაც სადავო ცვლილებებზე ხელი ჯერ არ მოუწერია.

“ამ მოსამართლეების გამოხატული ასეთი ტიპის პროტესტი, მართლა უპრეცედენტო იყო. ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი თავად სასამართლო კორპუსის მიერ, რადგანაც ისინი პირველად ამდენი წლის განმავლობაში ღიად და საჯაროდ დაუპირისპირდნენ კლანს”, – ამბობს იურისტი გვანცა წულუკიძე.

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, მოსამართლეს ეკრძალება აზრის გამოთქმა “გაწონასწორებულობის და ზომიერების კრიტერიუმის, ან – პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით”. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

რაც შეეხება დისციპლური სახდელებს – არსებულ ჩამონათვალს: საყვედური; მკაცრი საყვედური; ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში; სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების კვორუმი. მოქმედი კანონმდებლობით ამისთვის საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ია საჭირო, ცვლილებებით კი საკმარისი იქნება ხმათა უმრავლესობა.

სასამართლოსთან დაკავშირებული ეს ცვლილებები გახდა ერთ-ერთი მიზეზი, ამერიკის საელჩოს რამდენიმე დღის წინანდელი კრიტიკული განცხადების, როდესაც მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგი განსხვავებული აზრის დასჯას პირდაპირ დაუკავშირა.

სადავო ცვლილებების კრიტიკოსი მოსამართლეების გეგმების შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი შესაძლოა მომდევნო კვირაში გახდეს, როდესაც პრეზიდენტი ამ ცვლილებების ძალაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს და მას ან ხელს მოაწერს ან ვეტოს დაადებს.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share